ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები ვაშინგტონში: მოსკოვის გადაწყვეტილება ფრენებთან დაკავშირებით საქართველოში პროვოკაციის მიზნითაა მიღებული


2019 წლის ზაფხულის შემდეგ, რუსული ლაინერი თბილისში პირველად დაჯდა
2019 წლის ზაფხულის შემდეგ, რუსული ლაინერი თბილისში პირველად დაჯდა

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებისა და მოსკოვ-თბილისს შორის დაწყებული პირდაპირი ფრენების შესახებ კომენტარს აკეთებენ ვაშინგტონში. სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ შეაფასა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად და მიანიშნა, რომ საქართველოს მთავარი მოკავშირის მთავრობის მაღალ ეშელონებში ამ გადაწყვეტილებას არ იწონებენ.

შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ, მთელი დასავლური თანამეგობრობა, ამ რეჟიმთან ვდისტანცირდით და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“, განაცხადა მილერმა.

„ყველაზე ნათელი უსაფრთხოების გამოწვევა, რუსული დაზვერვის საქართველოში გაძლიერებაა. ესაა პირველი შემაშფოთებელი ფაქტორი"

დრო რომ შეუსაბამოა, ამას ეთანხმებიან ექსპერტებიც ვაშინგტონში. ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მოსკოვსა და თბილისში მაშინ მიიღეს, როდესაც უკრაინაში ომი აქტიურ ფაზაშია, მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უდიდესი ნაწილი რუსეთის იზოლაციას ცდილობს, საქართველოში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ქვეყნის ტერიტორიის 20%, კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ამ მოვლენების ფონზე, სფეროს ექსპერტები პროვოკაციას უწოდებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ დათანხმებოდნენ პირდაპირი ფრენების განხორციელებას და მეტიც, დადებითად შეხვედროდნენ ამ ცვლილებას.

„ვფიქრობ, როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, ესაა პროვოკაცია. როგორც ჩანს ეს დაამთხვიეს ისეთ დროს, რომ ამან გამოიწვიოს მეტი პრობლემები საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს, ევროკავშირსა და ამერიკას შორის“,- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი.

საქართველოს მთავრობაში მოსკოვში მიღებულ გადაწყვეტილებას ასეთი ახსნა მოუძებნეს: „რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით, ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც ვიზების გაუქმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

თუმცა, რუსეთის და ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების ნარატივს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დახმარებაზეა ფოკუსირებული, ძნელად იჯერებენ ვაშინგტონში. ამერიკის დედაქალაქში ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინს საქართველოს მოქალაქეებზე მეტად, საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებს შორის ერთ-ერთი საქართველოსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის გამოწვევა, თუ გაღრმავებაა.

"ეს დაამთხვიეს ისეთ დროს, რომ ამან გამოიწვიოს მეტი პრობლემები საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს, ევროკავშირსა და ამერიკას შორის"

„შესაძლოა, რომ ზუსტად იმიტომ, რომ საქართველო ცდილობს ევროკავშირში ინტეგრაციას, პუტინი ცდილობს, რომ მონახოს ევროკავშირისა და საქართველოს დაშორების გზები. ისეთი დაძაბულობის ფონზე, როგორიც საქართველოს ახლანდელ მთავრობასა და ევროკავშირს შორისაა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება განიხილოს, როგორც [საქართველოს] რუსეთთან დაახლოება. ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი, საქართველო კი დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ შეერთებია“,- ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ანნა ბორჩევსკაია.

თუმცა, საქართველო ერთადერთი არაა, ვინც დასავლურ სანქციებს არ შეერთებია და როგორც დევიდ კრამერი განმარტავს, ეს სულაც არაა უპირველესი მოთხოვნა დასავლეთისგან, რაც საქართველოს მიმართ ისმის. ამავდროულად, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს სურთ დაინახონ ნათელი და მკაფიო მესიჯები საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც იტყვის, რომ საქართველოს მოსახლეობის 81%-ის სურვილს, იყოს ევროკავშირის წევრი, პატივს სცემს და ამ მიმართულებით ივლის.

„დემოკრატიულ სამყაროში, ყველა ქვეყანას არ შეუძლია, რომ სანქციებს შეუერთდეს. მოდლოვას მაგალითად, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მოლდოვამ ასევე ძალიან ძლიერი კავშირი დაამყარა დასავლეთთან მაშინ, როდესაც ჰქონდათ იმის შიში, რომ რუსეთი გარკვეულ პროვოკაციებს მოაწყობდა მოლდოვაში.

"ქართული ოცნება", ახლო კავშირებს ამყარებს [მოსკოვთან] იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ რუსეთის ომის დანაშაულებებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს, გენოციდს. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ თავად ბატონი პუტინის დაკავების ორდერიც კი გასცა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს [რუსეთის] მიმართულებით სვლაში“,- ამბობს დევიდ კრამერი.

"არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების დაკარგვა ნამდვილადაა პუტინს რადარზე"

საქართველოსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის, თუ ქვეყნის შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტების გამოწვევის გარდა, ექსპერტები კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. რუსეთის ჯარს მნიშნელოვანი წინსვლა უკრაინაში არ აქვს, უფრო მეტიც, 12 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციებიდან უკანდახევა. ბრძოლები უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის, რომელსაც უკრაინის არმია იცავს, გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს. მართალია, ბახმუტზე კონტროლი არც უკრაინულ ძალებს არ აქვთ, მაგრამ სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ პატარა ქალაქისთვის ბრძოლა, რომლის აღებასაც რუსები უკვე თვეებია ცდილობენ, რუსი სამხედროების დემოტივაციას უწყობს ხელს. იმის ფონზე, რომ რუსეთი მნიშნელოვნად წინ ვერ მიიწევს უკრაინაში, გენერალ ვალერი ზალუჟნის მეთაურობით კი უკრაინელები კონტრშეტევისთვის ემზადებიან, ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ პუტინი ცდილობს, როგორმე გავლენა სამხრეთ კავკასიაზე მაინც არ დაკარგოს.

“არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების დაკარგვა ნამდვილადაა პუტინს რადარზე. ეს გადაწყვეტილება გუშინ და სწრაფად არ მიუღიათ, ის დიდხანს განიხილებოდა.

დიდი ალბათობით, სხვა მსგავს ნაბიჯებსაც ვნახავთ რუსეთის მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ [უვიზო მიმოსვლის] გაადწყვეტილება უკანასკნელი არაა და მეტს უნდა ველოდოთ იმ მიმართულებით, რომ პუტინი ეცდება გაამყაროს რუსეთის პოზიციები ამ რეგიონში. რუსეთს 2 საუკუნეზე მეტია სამხედრო წარმომადგენლობა აქვს სამხრეთ კავკასიაში. ასეთი სტრატეგიული პოზიციის დაკარგვის შესაძლებლობა, ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კრემლი ამაზე მუდმივად არ მუშაობდეს. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ბოლო ნაბიჯი იყოს. ეს გადაწყვეტილება უფრო დიდი, სტრატეგიული კონტექსტის ნაწილია”,-ამბობს ანნა ბორჩევსკაია.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006 მოქალაქემ გადაკვეთა.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. 9-თვიან პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა კი განსაკუთრებით ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ანუ მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთის გაცილებით მეტი მოქალაქის შედინებას შეუწყობს ხელს საქართველოში.

„საქართველო უკვე გადატვირთულია რუსების დიდი რაოდენობით, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან. თუ [ვიზების მოხსნის გადაწყვეტილება] კიდევ უფრო მეტი [რუსის] ჩასვლას გამოიწვევს, ვერ ვხვდები როგორ იქნება ეს პოპულარული გაადწყვეტილება საქართველოს მოსახლეობაში.

ახლაა სიტუაცია, როდესაც ბევრი რუსი მობილიზაციას, შემდეგ კი ვირტუალურ გაწვევას ცდილობს რომ გაექცეს. თუმცა, ასევე ლიბერალი და პრო-დემოკრატი რუსებიც აფარებენ თავს საქართველოს, რუსეთში არსებული სიტუაციის გამო. თუმცა, ეს არ მოუტანს საქართველოს არაფერს გარდა იმისა, რომ ჩავა მეტი რუსი, რომელიც ტურისტულ და სხვა ინტერესებს დაიკმაყოფილებს და არ მგონია, რომ ეს ისაა, რაც ახლა საქართველოს სჭირდება“,- ამბობს კრამერი.

ანნა ბორჩევსკაია კი უსაფრთხოების სფეროს გამოწვევებს უსვავს ხაზს და თვლის, რომ აგენტებისა დაჩვეულებრივი მოქალაქეების გარჩევა, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება: „ყველაზე ნათელი უსაფრთხოების გამოწვევა, რუსული დაზვერვის საქართველოში გაძლიერებაა. ესაა პირველი შემაშფოთებელი ფაქტორი, რაც ვინმეს თავში მოუვიდოდა, როდესაც რუსების ქვეყანაში შესვლაზე ვსაუბრობთ. გამოწვევაა, რა თქმა უნდა, ისიც რამდენად არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ წარმატებით გაარჩიო ერთმანეთისგან დევნილები და პოტენციური ორმაგი აგენტები“.

მიუხედავად დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებებისა და რჩევებისა, საქართველში რუსეთიდან პირველი პირდაპირი ფრენები გასულ კვირასვე დაფიქსირდა. საქართველოს მოსახლეობის ნაწილის ბრაზისა და უკმაყოფილების მიუხედავად კი, „ქართული ოცნების“ მთავრობაში აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს ყოფას შეუმსუბუქებს და ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

XS
SM
MD
LG