ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში „ჰეზბოლას“ 3 მებრძოლის მოკვლის შემდეგ, "ჰეზბოლამ" ისრაელზე იერიში განაახლა


მას შემდეგ რაც ისრაელმა 26 მარტს, საჰაერო დარტყმებით ლიბანში „ჰეზბოლას“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია შეძლო, 27 მარტს, ლიბანიდან ისრაელზე საჰაერო იერიშები განხორციელდა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ჰეზბოლამ“ იერიშები ისრაელის სასაზღვრო ქალაქ კირიეთ შმონაზე მიიტანა. ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა იერიშებს მსხვერპლი, ან არიან თუ არა დაშავებულები.

„ჰეზბოლას“ იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ავიაციის დახმარებით იერიშები მიიტანეს „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე, რომლების საზღვრის მახლობლად, ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

„ჰეზბოლას“ მებრძოლები მხარს "ჰამასს" უჭერენ და აქამდეც გამუდმებით ცდილობდნენ გაენადგურებინათ ისრაელის გოლანის სიმაღლეები. მას შემდეგ, რაც ისრაელმა თავდასხმის საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის ცეცხლის გაცვლა ხშირად ხდება. ბოლოს ისრაელ-ლიბანის საზღვართან ასეთი დაძაბული ვითარება 2006 წელს იყო, როცა რეგიონში ომი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

გასული წლის 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელში შეიჭრა. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. მოულოდნელ თავდასხმას ისრაელში 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი ღაზის სექტორში მძევლად გაიტაცეს. მძევალთა ნაწილი, 100-ზე მეტი ისრაელელი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაშია.

მომხდარზე პასუხად, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, იქ 32 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროს შეფასებით, სექტორში ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად, ღაზაში საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG