ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლას, ჰილარი კლინტონი ლობირებდა - ჟურნალისტური გამოძიება


ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ლობირებით, უნდა დაწყებულიყო საერთაშორისო მოლაპარაკებები რუსი პოლიტიკოსისა და ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, ალექსეი ნავალნის გაცვლაზე. ამის შესახებ წერს ამერიკული გამოცემა "უოლ-სტრიტ ჯორნალი" (Wall Street Journal), რომელიც აღნიშნავს, რომ ასეთი ლობირების თხოვნით კლინტონს მიმართა გამომძიებელმა ჟურნალისტმა და ალექსეი ნავალნის მეგობარმა ხრისტო გროზევმა, რასაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი დასთანხმდა.

გაცვლის შესახებ ნავალნის მეუღლემ იულიამ არაფორმალურად მიმართა გერმანიის ხელისუფლებას. მაგრამ, ამერიკული გამოცემის თანახმად, თავდაპირველად გერმანიის მთავრობაში მოსაზრებები გაიყო.

საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ გარიგებას, გერმანიაში ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი რუსული სპეცსამსახურების ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის მონაწილეობით, რომელმაც წარსულში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

"უოლ-სტრიტ ჯორნალის" ინფორმაციით, გარიგებაში კრასიკოვის ჩართვის აუცილებლობა აიხსნება იმით, რომ ვაშინგტონს ამჟამად არ ჰყავს ადამიანები, რომელთა მიღებაც კრემლს შეიძლება სურდეს რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების სანაცვლოდ.

ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ 2024 წლის მარტში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შესაძლო გაცვლა ფარულად განიხილა ვაშინგტონში ვიზიტის დროს, მაგრამ ნავალნის გარდაცვალების მომენტისათვის ქვეყნებს შორის საბოლოო გარიგება არ მომხდარა. "უოლ-სტრიტ ჯორნალი" აღნიშნავს იმასაც, რომ ოფიციალური შეთავაზება მოსკოვისთვის ასევე არ გაკეთებულა. გარიგების მიმდინარეობაზე ინფორმირებული ადამიანების თქმით, კრემლამდე შესაძლო გარიგების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, კერძო შუამავლებმა მიიტანეს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალექსეი ნავალნის გაცვლას განიხილავდა იამალის კოლონიაში მისი სიკვდილის დღეს. მოგვიანებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღეს, ვლადიმირ პუტინმა ეს ცნობა დაადასტურა.

პუტინმა ოპოზიციის ლიდერის გარდაცვალებას "სამწუხარო მოვლენა" უწოდა და თქვა, რომ განიხილავდა ნავალნის გაცვლას იმ პირობით, თუ იგი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. პუტინის თქმით, ნავალნის დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში გაცვლის იდეა შესთავაზა თავისი ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა „ზოგიერთმა კოლეგამ“.

სხვა დეტალები პუტინს არ გაუმჟღავნებია. ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების ცნობით, ნავალნი ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებულ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ვადიმ კრასიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში, ტიერგარტენის პარკში. 2021 წლის დეკემბერში ბერლინის სასამართლომ ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლემ დანაშაულის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ხელისუფლებას და მომხდარს „სახელმწიფო ტერორი“ უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG