საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველომ საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს.
საქართველოს გამარჯვება მიულოცა, თბილისში ამერიკის საელჩომაც. დიპლომატიურმა უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა.
"ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას! "- წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.