როგორც მოსალოდნელი იყო „არადემოკრატიულ“ და „უსამართლო“ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთში მეხუთე ვადით კვლავ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა და ის ქვეყნის მართვას მომდევნო 6 წლის განმავლობაში გააგრძელებს.
პუტინს გამარჯვებას არ ულოცავენ დასავლეთში. ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად უარყვეს რუსეთის არჩევნების შედეგები, მოგვიანებით კი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭირეს მხარი. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ალექსეი ნავალნის მიმართ არასათანადო მოპყრობაში მხილებული პირები დაასანქციერეს.
„რუსეთის არჩევნები იყო არჩევნები არჩევანის გარეშე“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გერმანიის საგერეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა. მისმა ფრანგმა კოლეგამ, სტეფან სეჟორნმა კი განმარტა, რომ ეს იყო „სპეციალური საარჩევნო ოპერაცია“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ რუსეთის არჩევნებმა „თავისუფალი, პლურალისტური და დემოკრატიული არჩევნების პირობები არ დააკმაყოფილა".
რუსეთის „არჩევნებს“ გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი, რომელმაც თქვა, რომ „პუტინი იშორებს პოლიტიკურ კონკურენტებს, აკონტროლებს მედიას და შემდეგ თავს იკურთხებს გამარჯვებულად“. კამერონი განმარტავს, რომ ეს „დემოკრატია არ არის“.
დასავლეთის ქვეყნებში რუსეთი გააკრიტიკეს იმის გამოც, რომ კრემლის გადაწყვეტილებთ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქებშიც გაიმართა. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ეს უკანონო ანექსიაა. რუსეთში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინის არჩევნებს ლეგიტიმაცია არ აქვს.
კრამლი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთში დემოკრატიული არჩევნები გაიმართა, სადაც ხმების 87 პროცენტით ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა.
დასავლეთის ქვეყნების კრიტიკისა და არჩევნების შედეგების უარყოფის ფონზე, ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ჩინეთი, ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა.
„მე მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთი, რა თქმა უნდა, შეძლებს მიაღწიოს უფრო დიდ ეროვნულ განვითარებას“, - წერია სი ძინპინის მისალოც გზავნილში.
პუტინს მიულოცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმაც. ნარენდრა მოდი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდება.
პუტინს გამარჯვება მიულოცეს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და ხაზი გაუსვეს მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილს.
Facebook Forum