ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა განაგრძობს რუსეთის ნავთობ-ინდუსტრიაზე დრონებით თავდასხმებს


უკრაინამ რუსეთის მასშტაბით სამიზნეებზე იერიშის მისატანად 35 დრონი გამოიყენა. თავდასხმამ ხანმოკლე ხანძარი გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ქვეყნის სამხრეთით.

ინფრასტრუქტურაზე რამდენიმედღიანი დარტყმების გამო, მოსკოვმა კიევი უქმეებზე გამართულ არჩევნებში დივერსიის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინას “დასჯის” თავდასხმებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამხედრო ძალებს და დაზვერვას ახალი „შორი დისტანციური შესაძლებლობებისთვის“, 16 მარტის ღამის ვიდეომიმართვაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 მარტს, “ტელეგრამში” განაცხადა, რომ 17 დრონი განადგურდა რუსეთის სამხრეთ კრასნოდარის რეგიონში, ოთხი მოსკოვის ოლქში და დანარჩენი ექვსი სხვა რეგიონში.

„დრონები განეიტრალდა, მაგრამ ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი მოწყობილობის ჩამოვარდნის შედეგად“, - აცხადებენ რუსეთის სამხრეთით მდებარე კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბში “ტელეგრამზე”.

კრასნოდარის სლავიანსკის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით.

სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა, რომ მოხდა ქარხნის თანამშრომლების ევაკუაცია და ინციდენტის შედეგად მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

"როიტერსმა", რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა ინფორმაცია.

უკრაინული გაზეთი „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა დრონის იერიში წარმატებულად მიიჩნია. სლავიანსკის გადამამუშავებელი ქარხანა, კრასნოდარის ჩრდილოეთით 70 კილომეტრში, ამუშავებს დაახლოებით 4,5 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს წელიწადში, აწარმოებს საწვავს ძირითადად ექსპორტისთვის და ასევე ყიდის ბენზინს შიდა ბაზარზე.

უკრაინულმა დაზვერვის წყარომ, 17 მარტს განუცხადა “როიტერს”, რომ შორი მანძილის უკრაინულმა დრონებმა, 12 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თქვა, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე სამ რაიონში დრონების ჩამოგდებას მსხვერპლი ან დაზიანება არ მოჰყოლია.

მოსკოვის ჩრდილოეთით ოთხი დრონი განადგურდა იაროსლავის ოლქის თავზე, ზარალისა და დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის, განაცხადა გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა.

გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, ბელგოროდის სასაზღვრო რაიონში, უკრაინის მიერ გაშვებულმა ოთხმა დრონმა დააზიანა ელექტროენერგიისა და გაზის ხაზები ერთ სოფელში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ასევე ჩამოაგდეს 12 რაკეტა, რომლებიც უკრაინამ ბელგოროდის რეგიონის მიმართულებით გაისროლა.

კიევის სამხედროებმა 17 მარტს განაცხადეს, რომ ოდესაში, რუსეთის საჰაერო თავდასხმებმა დააზიანა სასოფლო-სამეურნეო საწარმოები და გაანადგურა რამდენიმე სამრეწველო შენობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG