რუსეთსა და შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედ ნატოს სამხედრო ალიანსს შორის პირდაპირი კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ პლანეტას სულ ერთი ნაბიჯი აშორებს მესამე მსოფლიო ომს, - განაცხადა 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. თუმცა, დასავლეთის გაფრთხილებასთან ერთად, პუტინის თქმით, ძნელად წარმოსადგენია, ვინმეს სურდეს მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში ყველაზე ღრმა ნაპრალი გააჩინა, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. პუტინი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხშირად აფრთხილებდა დასავლეთს ბირთვული ომის რისკებზე, მაგრამ დღეს იმასაც ამბობს, რომ არასდროს უგრძვნია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა.
"ყველასათვის ნათელია, რომ ეს იქნება ერთი ნაბიჯი სრულმასშტაბიანი მესამე მსოფლიო ომისგან. ვფიქრობ, რომ ეს არავის ინტერესებში შედის", - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე, პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში, გამარჯვება ყველაზე დიდი განსხვავებით მოიპოვა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნატოს სამხედრო პერსონალი უკვე იმყოფება უკრაინაში და ისინი ბრძოლის ველზე ინგლისურად და ფრანგულად ლაპარაკობენ.
განცხადება პუტინმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" კითხვაზე პასუხად გააკეთა. მას სთხოვეს, გამოეთქვა აზრი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კომენტარზე, რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის რისკებსა და შესაძლებლობებზე. რუსეთის ლიდერის თქმით, „თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მომავალში ის არ გამორიცხავს უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნას. მის პოზიციას ბევრი დასავლური სახელმწიფო გაემიჯნა, თუმცა ზოგმა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ემანუელ მაკრონს მხარი დაუჭირა.
Facebook Forum