რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს დასავლეთი გააფრთხილა, რომ რუსეთი, ტექნიკურად, ბირთვული ომისთვის მზადაა და თუ შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს გაგზავნის, ეს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციად იქნება განხილული.
15-17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბირთვული ომის სცენარი „საჩქარო“ არ არის და რომ ის ახლა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს.
”სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ”, - განუცხადა 71 წლის პუტინმა ტელეკომპანია "როსია-1-ს" და საინფორმაციო სააგენტო RIA-ს იმ კითხვაზე საპასუხოდ, იყო თუ არა ქვეყანა ბირთვული ომისთვის მართლაც მზად.
პუტინმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააცნობიერა, რომ თუ ის ამერიკულ ჯარს რუსეთის ტერიტორიაზე - ან უკრაინაში - განათავსებს, რუსეთი ამ ნაბიჯს ინტერვენციად განიხილავს.
”[აშშ-ში] საკმარისი სპეციალისტია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და სტრატეგიული შეზღუდვის სფეროში”, - თქვა პუტინმა. „არ ვფიქრობ, რომ აქ ყველა ჩქარობს ამას (ბირთვულ დაპირისპირებას), მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე არაერთხელ ისაუბრა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ამ გზით ის ცდილობს, თავიდან აიცილოს უკრაინის დასახმარებლად, დასავლეთის უფრო დიდი ჩართულობა.
ვაშინგტონი ამბობს, რომ რუსეთის ბირთვულ პოზიციებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.