რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა 6 მარტს განაცხადა, რომ მისი მეუღლის დაკრძალვაზე საზოგადოების მხარდაჭერის მასშტაბები იმის მტკიცებულებაა, რომ ნავალნის საქმე გაგრძელდა. ნავალნაიამ, მხარდამჭერებს, არჩევნების დღეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა.
YouTube-ზე განთავსებულ ვიდეოში იულია ნავალნაიამ თქვა, რომ იმედი აქვს ხალხის იმ დიდი რაოდენობის, რომელიც გასულ კვირას მისი მეუღლის დაკრძალვაზე მივიდა. ნავალნი არქტიკის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.
“თქვენ რომ გიყურებთ ვრწმუნდები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის და ეს ფიქრი ძალას მაძლევს“, - თქვა მან. ”ახლა თქვენ ყველამ იცით, რომ რეალურად ბევრნი ვართ, ყველა, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს ალექსეის, ვინც იზიარებს მის იდეებს და სანამ ერთმანეთი გვყავს, ეს არ დასრულებულა.”
ნავალნიმ თავის ერთ-ერთ ბოლო საჯარო გზავნილში ხალხს მოუწოდა, გაეპროტესტებინათ 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები, ადგილობრივი დროით შუადღისას მასობრივი ხმის მიცემით, დიდი რიგების შექმნით და საარჩევნო უბნების გადატვირთვით.
ნავალნაიამ ქმრის მოწოდება გაიმეორა.
”ეს არის ძალიან მარტივი და უსაფრთხო ქმედება, მისი აკრძალვა შეუძლებელია და ის დაეხმარება მილიონობით ადამიანს შეამჩინიოს თანამოაზრეები და გააცნობიეროს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ”, - თქვა მან. “ჩვენ გარშემორტყმული ვართ ხალხით, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან ომს, კორუფციას და უკანონობას”, - დაამატა მან.
მიმომხლილველებს მიაჩნიათ, რომ თუ აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" წარმატებული არ იქნება, ეს დარტყმა იქნება ნავალნაიას იმედებზე, აჩვენოს, რომ ის მისი ქმრის საქმეს გააგრძელებს და რომ კრემლის წინააღმდეგ ოპოზიცია ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ, თუ ხალხი მოწოდებას გაითვალისწინებს, ეს შეიძლება გადაიზარდოს დიდ მოძრავ პროტესტში და ხელისუფლებისთვის დილემა შექმნას, რადგან პოლიციას არ ექნება სამართლებრივი საფუძველი, ხმის მისაცემად რიგში მდგომი ხალხის დასაშლელად.
პუტინი ხელისუფლებაში 1999 წლის ბოლო დღიდან დღემდე იმყოფება, როგორც პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. კრემლი დარწმუნებულია, რომ პუტინი ხელისუფლებაში კიდევ ექვსი წლით დარჩება. მისი ორი შესაძლო კონკურენტი, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინის ომის წინააღმდეგ, დისკვალიფიცირებული იქნა არჩევნებში ტექნიკური მიზეზებით. დარჩენილი სამი კანდიდატიდან, ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული არცერთი არ არის. კრემლი ამბობს, რომ ის გაიმარჯვებს, რადგან მას აქვს ნამდვილი მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ომიდან ორი წლის შემდეგ, პუტინის წამყვანი ოპონენტები ან გარდაცვლილნი არიან, ან ციხეში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. ნავალნაიამ არჩევნებს "სრული ფიქცია და სიყალბე” უწოდა.
"რა უნდა გააკეთოთ შემდეგ? არჩევანი თქვენზეა. შეგიძლიათ ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, გარდა პუტინისა", - თქვა მან. „შეგიძლიათ გააფუჭოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ მასზე დიდი ასოებით დაწეროთ „ნავალნი“. და თუ საერთოდ არ ხედავთ აზრს ხმის მიცემაში, შეგიძლიათ უბრალოდ მიხვიდეთ და დადგეთ უბანზე, შემდეგ შემობრუნდეთ და სახლში წახვიდეთ”, - დაამატა მან.
ნავალნი, რომელიც 2020 წელს მოწამვლის მცდელობას გადაურჩა, გარდაცვალებისას 47 წლის იყო. მას 30 წლით პატიმრობა თაღლითობის, ექსტრემიზმისა და სხვა დანაშაულებისთვის ჰქონდა მისჯილი, რომლებიც, მისი თქმით, მის გასაჩუმებლად იყო შეთხზული.