ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის საქმე - საფრანგეთმა და გერმანიამ განმარტებებისთვის რუსეთის ელჩები დაიბარეს


ალექსეი ნავალნის, რუსი ოპოზიციონერისა და პუტინის მთავარი კრიტიკოსის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთის ელჩები განმარტებებისთვის გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სავარაუდოდ, ოფიციალურ ბერლინს და პარიზს აინტერესებს რა გარემოებებში გარდაიცვალა ნავალნი და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ დრომდე ორივე კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია.

ნავალნი რუსულ კოლონიაში, კრემლის ოფიციალური ინფორმაციით 16 თებერვალს გარდაიცვალა, სეირნობის შემდეგ უეცრად. სასჯელაღსრულების დაწესებულების თქმით, ნავალნი უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა, რაც კრებითი სახელია კარდიოლოგიური მიზეზებით გარდაცვალების აღსაწერად. თუმცა, კრემლის ამ ცნობებს დასავლეთის ლიდერები არ ენდობიან და ნავალნის სიკვდილში პუტინის და რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ.

მოსკოვი ბრალს უარყოფს. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ნავალნის გარდაცვალებაში პუტინის პასუხისმგებლობაზე საუბარი მიუღებელია.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 2021 წელს გერმანიიდან დაბრუნდა,სადაც ის ხანგრძლივ მკურნალობის კურსს გადიოდა. გერმანელი ექიმების თქმით, ნავალნი რუსული ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული.

რუსეთში დაბრუნებულ ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. დროთა განმავლობაში რუსეთის სასამართლომ მას ბრალი რამდენჯერმე დაუმძიმა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ კი მას საპატიმრო რამდენჯერმე შეუცვალა. ბოლოს მას თავისუფლების აღკვეთა 19 წლით ჰქონდა მისჯილი და „პოლარული მგლის“ კოლონიაში იხდიდა სასჯელს.

ნავალნი გარდაცვალებამდე სასამართლო პროცესს დაესწრო, სადაც მას არ ემჩნეოდა რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. ოჯახს და მის თანაგუნდელებს კრემლის გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG