უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ობრანი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ბრძოლაში დასახმარებლად უკრაინას ფულს არ მისცემს და ეს ომის უფრო სწრაფად დასრულდება. ორბანმა ეს განცხადება დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უნგრეთის პრემიერი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის კიდევ ერთი ვადით დაკავებისთვის იბრძვის, ერთმანეთს პარასკევს, ფლორიდაში შეხვდნენ.
„უკრაინა-რუსეთის ომში, ის არც ერთ ცენტს არ მისცემს, შესაბამისად ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინა მარტო ვერ იდგება“, - განაცხადა ორბამა კვირას, უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას.
„თუ ამერიკელები ფულს და იარაღს არ მისცემენ, ისევე როგორც ევროპელები, მაშინ ეს ომი დასრულდება. და თუ ამერიკელები ფულს არ მისცემენ, ევროპელები ამ ომს საკუთარი ძალებით ვერ დააფინანსებენ და მაშინ ომი დასრულდება“, - თქვა ორბანმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ორბანმა უარი თქვა კიევისთვის სამხედრო დახმარება გაეწია. ამასთან, ის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. ევროკავშირის მცდელობის ფონზე, ვლადიმირ პუტინი იზოლაციაში მოაქციოს, ორბანი მას ბოლოს ოქტომბერში, ჩინეთში შეხვდა.
ორბანი ამბობს, რომ „სხვა საკითხია“ ზავის შემდეგ როგორ დაიხურება ომი სამშვიდობო მოლაპარაკებით და როგორ შეიქმნება სტაბილური და უსაფრთხო ევროპა. მისივე თქმით, ჯერ მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და „მას (ტრამპს) აქვს ამის საშუალება“.
ფლორიდაში გამართული შეხვედრის შესახებ, დონალდ ტრამპის კამპანიის განცხადებაში, უკრაინა ნახსენები არ არის. მასში ნათქვამია, რომ მათ განიხილეს საკითხები, რომლებიც ორივე ქვეყანას ეხება, მათ შორის, საზღვრის უსაფრთხოება.
ევროპელი ლიდერები დიდი ხანია ღელავენ, რომ თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს როგორც უკრაინის, ასევე ნატოს ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსისთვის აშშ-ის მხარდაჭერა შემცირდება.