ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი დროებით შეწყდა


პოლონელი მძღოლების პროტესტი, რომელიც ნოემრიდან იანვრის ჩათვლით გრძელდებოდა, დროებით შეწყდა. მიზეზი შეთანხმებაა, რომელიც მთავრობასთან სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა მიაღწიეს.

„ჩვენ შევთანხმდით გარკვეულ პირობებზე, მთავრობას მივცემთ დროს იმუშაოს ამაზე, რადგან ახალი მთავრობა გვყავს“,- ამბობს ტომაშ ბოროკოვკი ტრანსპორტირების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, რომელიც მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული.

მიღწეული შეთანხმების დეტალები მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის შედეგი იქნება საპროტესტო აქციების შეწყვეტა და საგზაო, სასაზღვრო მარშრუტებზე მოძრაობის აღდგენა,“- ამბობს დარიუშ კლიმჩაკი.

შეთანხმების მიხედვით გაიხსნება საავტომობილი მიმოსვლა კორჩოვას, ჰრებენეს და დოროჰუსკის მიმართულებებით. დროებითი შეთანხმება პირველ მარტამდე მოქმედებს, მანამდე კი მთავრობამ მძღოლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უნდა იმუშაოს.

პოლონეთის მთავრობამ თითქმის ორ თვეში უნდა დააკმაყოფილოს პოლონელი მძღოლების რადმენიმე ძირითადი მოთხოვნა, რომელთაგან ორი ყველაზე მნიშვნელოვანია. მძღოლები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა აღადგინოს ნებართვების გაცემის სისტემა უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ასევე აღდგეს ნებართვების გაცემის წესი ევროპელი მძღოლებისთვის, რომელბიც უკრაინაში ოპერირებენ. მათი თქმით, უკრაინისთვის მინიჭებული შეღავათები, მათ არათანაბარ პირობებში აქცევთ.

ასევე პოლონელი მძღოლები ითხოვენ გამკაცრდეს შემოწმებები უკრაინული სატვირთო ავტომობილების, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე შემოდიან და დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გადამზიდავი კომპანიების ფინანსური დახმარების საკითხზე.

მძღოლები ამბობენ, რომ თუ დადებული შეთანხმება დაირღვევა, ან ვერ დაინახავენ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, პროტესტი ნებისმიერ დროს განახლდება.

„თუ შედეგები არადამაკმაყოფილებელი იქნება, ჩვენ დავბრუნდებით“, - ამბობს ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი სააგენტო „როიტერთან“ საუბარში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG