ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი უფლებადამცველი: რუსეთის მიერ, 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისიონერი, დმიტრო ლუბინეცი ამბობს, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა.

ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.

ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ. სასამართლო ამბობს, რომ პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრ ქვეყანათა უმეტესობა. თუმცა, ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილება უნგრეთმა დაბლოკა.

კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს.

XS
SM
MD
LG