შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მოისვენებს მანამ, სანამ რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პოლ უელანი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდება. განცხადება ბლინკენმა 27 დეკემბერს გააკეთა.
28 დეკემბერს, 5 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთში ამერიკის მოქალაქე პოლ უელანი დააკავეს. ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი და შეერთებული შტატების განცხადებით, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.
”ძალზე დიდი ხნის განმავლობაში, პოლმა და მისმა ოჯახმა იწვნია რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების შედეგები, უკანონოდ დაეკავებინა შეერთებული შტატების მოქალაქეები", - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. ბლინკენის თქმით, მიუღებელი და გაუმართლებელია ადამიანთა პოლიტიკურ "პაიკებად" გამოყენება.
გასულ კვირას, ბრიტანულ მაუწყებლთან "ბი-ბი-სი" ინტერვიუში, პოლ უელანმა თქვა, რომ ის ამერიკისგან "მიტოვებულად" გრძნობდა თავს. იმავდროულად, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთთან ახალ შეთავაზებაზე მუშაობს, რომლის მიზანია პოლ უელანის და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლება.
გერშკოვიჩი "უოლ-სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტია, რომელიც ახლა სასამართლოს მოლოდინში იმყოფება. ის რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. მოსკოვმა მათი გათავისუფლების წინა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
Facebook Forum