ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელ ზღვაში იემენელთა შურისძიების მუქარის ფონზე, ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ინტენსიურად ბომბავს


სახლი ქალაქ რაფაში, ღაზის სექტორში, ისრაელის დაბომბვის შემდეგ. 29 დეკემბერი, 2023 წ.
სახლი ქალაქ რაფაში, ღაზის სექტორში, ისრაელის დაბომბვის შემდეგ. 29 დეკემბერი, 2023 წ.

ისრაელი დღესაც აგრძელებდა ღაზის სექტორის დაბომბვას, იემენიდან პროპალესტინური დაჯგუფების წარმომადგენელთა მუქარის მიუხედავად. იემენში მოქმედი ირანის მოკავშირე ჰუთი მებრძოლები იმუქრებიან, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილ ალიანსს დაუპირისპირდებიან და წითელ ზღვაში ისრაელის სამიზნეებზე იერიშების მიტანას გააგრძელებენ.

დაჯგუფება "ჰამასის" განადგურების მიზნით, რომელიც შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ისრაელმა ღაზის სექტორში აქტიური საომარი კამპანია 7 ოქტომბრის თავდასხმის პასუხად დაიწყო. "ჰამასის" მებრძოლთა თავდასხმას ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 200-ზე მეტი ტყვედ წაიყვანეს. ზავის პირობებით მძევალთა გაცვლის შემდეგაც, დღემდე გატაცებულია 100-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე.

პალესტინელთა ანკლავის ჯანდაცვის უწყების ცნობით, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ისრაელის მიერ დაწყებული ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 20 000-ს აღწევს. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლისა და მოწოდებების მიუხედავად, რომ მაქსიმალურად აეცილებინათ თავიდან უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ომი არ შეჩერდება მანამ, სანამ დარჩენილი 129 მძევალი არ გათავისუფლდება და "ჰამასი" ბოლომდე არ განადგურდება. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ სექტორში ადამიანებს საბაზისო საარსებო საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებათ, არის სასმელი წყლის, სურსათისა და მედიკამენტების ნაკლებობა.

კონფლიქტი უკვე გასცდა "ჰამასის" მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორის ფარგლებს. მან წითელ ზღვაშიც გამოიწვია დაძაბულობა, სადაც ირანის მოკავშირე ჰუთ მებრძოლთა ძალებმა რაკეტებითა და თვითმფრინავებით შეუტიეს ისრაელის გემებს. ამის გამო წითელ ზღვაში საერთაშორისო ალიანსის შექმნის საჭიროება გაჩნდა, რომელიც რეგიონში სავაჭრო გადაზიდვებს დაიცავს.

„ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება პალესტინური საკითხის მიმართ, იმის მიუხედავად, ჩამოყალიბდება თუ არა საერთაშორისო ალიანსი“, - განუცხადა დაჯგუფების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ აბდულსალამმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს". მისი თქმით, სამიზნე მხოლოდ ისრაელის საზღვაო ხომალდები, ან ისრაელში მიმავალი გემები იქნება.

საზღვაო ოპერაციის გამოცხადებისას, ბაჰრეინში მყოფმა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ წითელ ზღვაში და იემენის ადენის ყურეში, დაიწყება ერთობლივი პატრულირება. ეს პროცესი მოიცავს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო გემების მარშრუტებს. „ეს არის საერთაშორისო გამოწვევა, რომელიც მოითხოვს კოლექტიურ მოქმედებას“, - განაცხადა მან.

ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების ფირმამ "ამბრეი" დღეს, 19 დეკემბერს განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია იემენის საპორტო ქალაქ ადენიდან 17 მილის დაშორებით, დასავლეთს მიმართულებით მიტანილი იერიშის თაობაზე. "ამბრეის" წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმა წარუმატებელი იყო და ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG