ისრაელის ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები, სამშაბათს სამხრეთ ღაზის დაბომბვას აგრძელებდნენ და გაერომ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის მაღალი ინტენსიურობის გამო, შიმშილობის ზღვარზე მყოფი ღაზელებისთვის დახმარების მიწოდება მეტწილად შეჩერებულია.
სამხრეთის ქალაქ ხან იუნისის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ტანკების ჭურვების ცეცხლი ახლა ქალაქის ცენტრზე არის ფოკუსირებული.
ღაზის "ჰამასის" კონტროლირებადი, ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ქალაქ რაფაში, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა. სამოქალაქო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ნანგრევებში მეტ დაზარალებულებს ეძებდნენ.
ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში, ქალაქში რაკეტების გასაშვებ რამდენიმე პოზიციას დაარტყა და იერიში მიიტანა „ჰამასის“ ობიექტზე სადაც სხვა იარაღთან ერთად დაახლოებით 250 რაკეტა აღმოაჩინა. ასევე დაარტყა იარაღის მწარმოებელ ქარხანას.
დეკემბრის დასაწყისში ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულების შემდეგ, ისრაელის სახმელეთო შეტევა, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით იყო შემოფარგლული, სექტორის სამხრეთ ნახევარზე გავრცელდა. ადგილობრივების და საერთაშორისო დახმარების სააგენტოების თქმით ღაზაში, უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა. მათი თქმით, დაბომბვებმა მოსახლეობის უმეტესობა უსახლკაროდ დატოვა და თითქმის ყველა ადგილზე სურსათის, წამლების და საწვავის მიწოდება გართულდა.
გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ შიმშილობა უარესდება და ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს.
კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ ღაზაში დაავადებების რისკი გაიზარდა იმ დროს, როდესაც ჯანდაცვის შესაძლებლობები კონფლიქტამდე არსებული მოცულობის ერთ მესამედამდე შემცირდა.