საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სთხოვა, წითელ ზღვაში, გემებზე ჰუსიტების თავდასხმაზე პასუხის გაცემისას, "თავშეკავება გამოიჩინოს". ინფორმაციას, ორ წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ირანთან დაკავშირებული ჰუსიტი მებრძოლები, ისრაელ-"ჰამასის" ომში ჩაერთნენ და წითელ ზღვაში, არაერთ კრიტიკული მნიშვნელობის გემს დაესხნენ თავს. ამასთან, ისრაელის მიმართულებით არაერთი დრონი და რაკეტა გაუშვეს.
დაჯგუფება, რომელიც იემენის დიდ ნაწილს მართავს, აცხადებს, რომ მისი თავდასხმები, პალესტინელების მხარდაჭერის ჩვენებაა და პირობა დებს, რომ ამ მოქმედებებს გააგრძელებს მანამ, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმას ღაზის სექტორზე.
ჰუსიტების დაჯგუფება ერთ-ერთია ირანის მოკავშირე იმ რამდენიმე ჯგუფიდან, რომლებიც ისრაელ-ჰამასის ომის პარალელურად, ისრაელისა და ამერიკის სამიზნეებს უტევენ.
მათი როლი, კონფლიქტის რეგიონული გაფართოების რისკებს ზრდის, საფრთხეს უქმნის საზღვაო მარშრუტებსაც, რომლითაც მსოფლიოს ნავთობის დიდი ნაწილის გადაზიდვა ხდება.
ერ-რიადს, მსოფლიოში ნავთობის წამყვან ექსპორტიორს, წითელ ზღვაში ჰუსიტების მოქმედებები აღელვებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ ორი წყარო ეუბნება, რომ ვაშინგტონისთვის ერ-რიადის თავშეკავების გზავნილის მიზანი, ესკალაციის თავიდან აცილებაა. წყაროების ცნობით, საუდის არაბეთი, ამ დრომდე კმაყოფილი იყო იმით, თუ როგორ უუმკლავდება ამერიკა ვითარებას.
„როიტერის“ ცნობით, თეთრმა სახლმა, სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესახებ კომენტარზე უარი განაცხადა. საკითხთან დაკავშირებით, „როიტერის“ კითხვას არ უპასუხა თავად საუდის არაბეთის მთავრობამაც.