ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების წინააღმდეგ არანაირ ქმედებაში არ ჩარეულა


ირანის ახალი ამბების სააგენტოს „ტასნიმი“ სამშაბათს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, გაეროში ირანის დესპანმა ამირ საიდ ირავანიმ განაცხადა, რომ ირანი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წინააღმდეგ არანაირ ქმედებაში ან თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა.

შეერთებულმა შტატებმა იემენში ირანის მოკავშირე ჰუსიტების ჯგუფს, ისრაელსა და პალესტინურ „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის წყლებში თავდასხმების წყებაზე დასდო ბრალი.

ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები ამერიკული ძალების წინააღმდეგ თავდასხმებს ერაყსა და სირიაშიც აწყობდნენ.

ორშაბათს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონს „აქვს ყველანაირი საფუძველი სჯეროდეს, რომ ეს თავდასხმები, რომელიც სინამდვილეში იემენის ჰუსიტებმა დაიწყეს, სრულად ირანის მიერ გახდა შესაძლებელი“.

ამ კვირაში, წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში სამ კომერციულ გემს თავს დაესხნენ. ჰუსიტებმა აღიარეს, რომ დრონი და რაკეტები გამოიყენეს, როგორც თვითონ განაცხადეს, ისრაელის კუთვნილი ორი ხომალდის წინააღმდეგ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნასერ ქანაანიმაც უარყო ბრიტანეთის მთავრობის „უსაფუძვლო და არაკონსტრუქციული“ კომენტარები, რომლითაც ითქვა რომ ირანი პასუხისმგებელია ნებისმიერ თავდასხმებზე, რომელსაც მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები ახდენენ.

XS
SM
MD
LG