ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 მოკლული და 5 დაჭრილი: რა იყო "საგარეჯოელი მსროლელის" მოტივი?


"საგარეჯოელი მსროლელი" ნოდარ ათუაშვილი
"საგარეჯოელი მსროლელი" ნოდარ ათუაშვილი

ამ დრომდე უცნობია მოტივი, თუ რატომ გახსნა ცეცხლი და მოკლა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა. შემზარავი ტრაგედია, კახეთში, ქალაქ საგარეჯოში 20 იანვარს დატრიალდა. თავდასხმის დროს დაიჭრა ხუთი ადამიანი, ერთის 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკულად მძიმეა.

პირველი ცნობები, რომ უცნობი მამაკაცი საკუთარი აივნიდან ადამიანებს დამიზნებით ესროდა და იყო მსხვერპლი, დაახლოებით, ღამის პირველი საათითვის, სოციალური ქსელით გავრცელდა.

ტრაგედია საგარეჯოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00

თვითმხილველთა თქმით, სოფელ მანავის მკვიდრი ნოდარ ათუაშვილი, საგარეჯოში, იმ კორპუსში, სადაც საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა, ორივე აივნიდან, თითქმის ერთი საათის განმავლობაში ისროდა. კორპუსთან სპეცრაზმის მისვლის შემდეგ კი, ათუაშვილმა, შსს-ს ინფორმაციით თავი მოიკლა.

ათუაშვილი თავდაცვის ძალებში 15 წელი მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოში, მონაწილეობდა რუსეთ-საქართველო ომში, ასევე რამდენჯერმე არის ნამყოფი ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც.

დამიზნებით ესროდა ყველას, ვინც ეზოში იყო. პოლიცია რო მოვიდა მათაც გაუხსნა ცეცხლი და ერთი პოლიციელი ადგილზე მოკლა. ესროდა მათაც, ვინც გარდაცვლილებთან და დაჭრილებთან მიახლოებას ცდილობდა.
გიორგი ოთარაშვილი, თვითმხილველი

„დამიზნებით ესროდა ყველას, ვინც ეზოში იყო. პოლიცია რო მოვიდა მათაც გაუხსნა ცეცხლი და ერთი პოლიციელი ადგილზე მოკლა. ესროდა მათაც, ვინც გარდაცვლილებთან და დაჭრილებთან მიახლოებას ცდილობდა. როგორც გავიგე ასე მოკლა მამიდაშვილი, რომელიც მოკლულ ბიძაშვილთან მივარდა. ესროლა სასწრაფო დახმარების მანქანასაც და კორპუსთან არ მიუშვა. შემდეგ, როგორც სპეცრაზმელმა თქვა თავი მოიკლაო“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საგარეჯოელმა გიორგი ოთარაშვილმა.

ყოფილმა სამხედრომ საგარეჯოში, „საავადმყოფოს ბინების“ ტერიტორიაზე მოკლა: 18 წლის ნოდარ რჩეულიშვილი, ბიძაშვილ-მამიდაშვილები - 29 წლის ზაზა ჩიხლაძე და 26 წლის ზაქარია მათიაშვილი, „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისე და 35 წლის დავით ნასრაძე, რომელიც ასევე ყოფილი სამხედრო და ავღანეთის მისიის მონაწილე იყო. მეზობლების თქმით, ბიჭები ეზოში ნათლისღებას აღნიშნავდნენ.

საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდები და პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი
საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდები და პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი

თავდამსხმელის ტყვიას ასევე შეეწირა უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ოთარ ღვინაშვილი. საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსს დეტექტივს ტყვია მაშინ მოხვდა, როცა დაჭრილის დახმარებას ცდილობდა. პოლიციელის მკვლელობის შემდეგ, საგარეჯოში, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი იქნა გაგზავნილი.

ათუაშვილი ყოფილი სამხედრო პირია, რომელიც თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა, გავლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაც
ვახტანგ გომელაური, შსს მინისტრი

საგარეჯოში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ „საგარეჯოს მსროლელი“ ნოდარ ათუაშვილი ყოფილი სამხედრო პირია, რომელიც თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა, გავლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაც. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ათუაშვილი პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო.

თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე ნოდარ ათუაშვილის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უცნობია აგვისტოს ომისა და ავღანეთის გარდა, რომელ მისიებსა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და რა ვითარებაში დატოვა ათუაშვილმა 2021 წელს თავდაცვის ძალები.

ნოდარ ათუაშვილი შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს
ნოდარ ათუაშვილი შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა საგარეჯოში. ეს ამ ტიპის მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევაა ჩვენთან. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. ორმხრივი ჩავარდნა გვაქვს“ - ასე გამოეხმაურა საგარეჯოს ტრაგედიას თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადილე ანა დოლიძე.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა საგარეჯოში. ეს ამ ტიპის მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევაა საქართველოში".
ანა დოლიძე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

მისი თქმით: „ თავდაცვის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობდა ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელმაც შემოიღო ფსიქიური ჯანმრთელობის მთელი რიგი პროგრამები. ჩვენ დროს ის გაიზარდა, გაძლიერდა, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტმენტი გახდა. მთელი კამპანია გვქონდა, მათ შორის ''მხარიმხარს''. რა მოუვიდა ამ დეპარტამენტს, ამ აუცილებელ პროცესებს ჩვენს მერე, აღარ ვიცი.

მეორე - საზოგადოებაში მოსახლეობის პულსზე ხელი უნდა ედოს სოციალურ სამსახურსს. სამსახური არ გვყავს, ყველაზე ხშირად ეგენი იფიცებიან, არ აქვთ დაფინანსება და ხელშეწყობა“ - წერს ანა დოლიძე.

მოქმედი და ყოფილი სამხედროების ფსიქოლოგიური მონიტორინგი და რეაბილიტაცია რთულ და ძვირადღირებულ გამოწვევად რჩება, მათ შორის საქართველოსთვის. „ომის ვეტერანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ძალიან დიდი პრობლემაა, ჯარიდან წამოსულ და უმუშევრად დარჩენილ ვეტერანს არ აქვს იმის საშუალება, რომ რეაბილიტაცია და საზოგადოებაში დაბრუნება თავისი სახსრებით შეძლოს, შესაბამისად ეს ხალხი გარიყულია საზოგადოებიდან“ - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე.

თავდასხმის თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო, იმ კორპუსიდან, საიდანაც ნოდარ ათუაშვილი თითქმის ერთი საათის მანძილზე ისროდა
თავდასხმის თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო, იმ კორპუსიდან, საიდანაც ნოდარ ათუაშვილი თითქმის ერთი საათის მანძილზე ისროდა

მეზობლები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რას საქმიანობდა ბოლო წლებში ათუაშვილი, ერთი ინფორმაციით, იგი ხელნაკეთი დანებით ვაჭრობდა, ზოგს კი ამ დრომდე ეგონა, რომ ათუაშვილი ისევ ვაზიანის ბაზაზე მსახურობდა და თავდაცვის ძალებში სნაიპერი იყო. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ახასიათებენ, როგორც ჩაკეტილ პიროვნებას, რომელიც ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

ცოლზე და შვილზე ძალადობდა, მეზობელსაც იარაღით დამუქრებია. თუ ცოლს ეშინოდა, მეზობელმა როგორ არ განაცხადა ამის შესახებ?! თან სისტემატურად სცემდაო, ცოლის მშობელმა როგორ არ თქვა? ამდენი ხანი ყოფილა, ჯარში, ავღანეთშიც, იქ არ ჰქონდა დავიჯერო პრობლემები? რო წამოვიდა, ვინმემ მოიკითხა? ან, ამდენი იარაღი და ყუმბარა რანაირად მოაგროვა ამ კორპუსის ბინაში?!..იქ რაღაცა გამორჩათ, იქ ვერ იმკურნალა, იქ დარეკვა დაეზარათ, იქ შეეშინდათ..და აგერ შედეგიც, ამდენი უდანაშაულო, არაჩვეულებრივი ბიჭი ამოგვიხოცა

„საერთოდ არ ვიცნობდი, მეზობლად ვცხოვრობ, ამდენი წელია და თვალით არ მინახავს. ამბობენ, რომ გარეთაც იშვიათად გამოდიოდაო. ძმა წლებია არ ურთიერთობდაო, მეგობარი არ ჰყავდაო. ზოგი ამბობს, რომ ცოლზე და შვილზე ძალადობდა, მეზობელსაც იარაღით დამუქრებია. თუ ცოლს ეშინოდა, მეზობელმა როგორ არ განაცხადა ამის შესახებ? თან სისტემატურად სცემდაო, ცოლის მშობელმა ან ნათესავმა როგორ არ თქვა?

ამდენი ხანი ყოფილა, ჯარში, ავღანეთშიც, იქ არ ჰქონდა დავიჯერო პრობლემები? რომ წამოვიდა, ვინმემ მოიკითხა? ან, ამდენი იარაღი და ყუმბარა რანაირად მოაგროვა ამ კორპუსის ბინაში?..მოკლედ იქ რაღაცა გამორჩათ, ყურადღება არ მიაქციეს, ვერ იმკურნალა, იქ დარეკვა დაეზარათ, იქ შეეშინდათ..და აგერ შედეგიც, ამდენი უდანაშაულო, არაჩვეულებრივი ბიჭი ამოგვიხოცა, მისი ოჯახი ხო გააუბედურა, პოლიციელი მოკლა და ბავშვები უმამოდ დატოვა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თვითმხილველმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის დასახელება.

შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ასევე - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა ნოდარ ათუაშვილის ყოფილ მეუღლეს და 19 წლის ვაჟს, რომელიც სროლის დაწყების დროს, მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა და შემდეგ გამოქცევა შეძლო. შსს ჯერჯერობით ვერ ამბობს, რა იყო ამ საზარელი დანაშაულის მოტივი.

საგარეჯოელები იმ კორპუსთან, სადაც ტრაგედია დატრიალდა
საგარეჯოელები იმ კორპუსთან, სადაც ტრაგედია დატრიალდა

XS
SM
MD
LG