ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს ხუთშაბათს განიხილავს


თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისია, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს ხუთშაბათს განიხილავს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კანონპროექტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის სამი კვირის წინ წარუდგინა, რასაც ნატო და სტოკჰოლმი მიესალმნენ.

სრულ, გენერალურ კენჭისყრამდე, კანონპროექტი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ ერდოღანი ხელს მოაწერს კანონს და ის ძალაში შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა შვედეთისგან ქურთ მებრძოლებთან ბრძოლაში მეტ მხარდაჭერას და ქმედებას ელოდება, ქვეყნის პირველმა პირმა ნოემბერში ასევე განაცხადა, რომ შეეცდება რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი რატიფიკაციის პროცესს.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 28-29 ნოემბერს შეიკრიბებიან.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გასულ წელს, მას შემდეგ გამოთქვეს, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ორივე ქვეყანა რუსეთს ესაზღვრება და ორივე ქვეყანა, წლების განმავლობაში, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. თუმცა, უკრაინაში მიმდნარე მოვლენებმა მათვრობებს აზრი შეაცვლევინა. ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა, თუმცა შვედეთის ნატოში გაწევრიანება, თავდაპირველად, თურქეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს.

თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს ბოლო გენერალურ ასამბლეაზე, ერდოღანი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თუმცა, იმისთვის, რომ სიტყვიერ თანხმობას კანონის ძალა მიეცეს, საჭიროა პარლამენტმა ამ გადაწყვტილებს რატიფიცირება მოახდინოს. ნატოში ახალი წევრის მიღების პროცესში, გადაწყვეტილების ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ რატიფიცირება, აუცილებელი პროცედურის ნაწილია.

XS
SM
MD
LG