სხვადასხვა წყაროები სააგენტო "როიტერთან" ამბობენ, რომ თურქეთი აპირებს დროებით შეაჩეროს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესი, ვინაიდან ქვეყანა კვლავ ელოდება ამერიკისგან დაპირებული F-16-ის ტიპის მოერიშეების გადაცემას.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაეპ ერდოღანმა ივლისში, ნატოს გენერალურ ასამბლეაზე თქვა, რომ ქვეყანა შვედეთის ნატოს 32-ე ქვეყნად გაწევრიანების რატიფიცირებას ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყებდა, რაც პარლამენტი მუშაობას შეუდგებოდა.
თურქეთის პარლამენტმა მუშაობა 1 ოქტომბრიდან განაახლა, თუმცა, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დამდგარა. გვარცელებული ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული 60 საკითხი აქვს განსახილველი, მაგრამ არცერთი მათგანი არ უკავშირდება შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.
საკითხის მცოდნე ორმა წყარომ, საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" საუბრისას თქვა, რომ ანკარას სურდა ვაშინგტონისგან მიეღო სიგნალი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სავარაუდოდ მოითხოვდა კონგრესის თანხმობას, თურქეთისთვის F-16 გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით. საუბარია 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ავიაგამანდგურებლებისა და ათობით მოდერნიზაციის კომპლექტზე.
„F-16-ების და შვედეთის საკითხთან დაკავშირებით ნდობის ნაკლებობის გათვალისწინებით, თურქეთი არ ჩქარობს ნატოს წინადადების რატიფიცირებას და ეძებს ნიშანს, რომ შეერთებული შტატებიც დგამს ნაბიჯებს“, - თქვა ერდოღანის პარტიის წარმომადგენელმა.
სააგენტო "როიტერის" კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ ამ დროისთვის თავდაპირველი შეთანხმების განხორციელება გადადებულია.
პრეზიდენტ ერდოღანის ოფისს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ შტატები მოუთმენლად ელოდება, „უახლოეს მომავალში“, შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. მისივე თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს F-16-ების გაყიდვას ალიანსის, შეერთებული შტატების და თურქეთთან ურთიერთობის ინტერესებიდან გამომდინარე.