ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი: "ჰამასი" არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ის არის განმათავისუფლებელი ჯგუფი“


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ გასამხედროებული დაჯგუფება „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ განმათავისუფლებელი ჯგუფია, რომელიც თავისი მიწებისა და ხალხის დასაცავად იბრძვის.

თურქ კანონმდებლებთან საუბრისას, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, ისრაელსა და პალესტინელთა შორის, ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შესახებ. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ისლამურმა ქვეყნებმა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ერთად უნდა იმოქმედონ.

"ჰამასი" არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ის არის განმათავისუფლებელი ჯგუფი, „მოჯაჰედები“ რომლებიც ბრძოლას თავისი მიწებისა და ხალხის დასაცავად აწარმოებენ“, - თქვა ერდოღანმა და გამოიყენა არაბული სიტყვა, რომელიც საკუთარი სარწმუნოებისთვის ბრძოლას აღნიშნავს.

ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნებბი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საპასუხო ბრძოლას „ჰამასის“ წინააღმდეგ და თქვა, რომ "ისრაელისთვის დაღვრილი დასავლური ცრემლები თვალთმაქცობაა"

ნატოს ბევრი მოკავშირე, რომლის წევრი ასევე არის თურქეთი, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, მათ შორის, შეერთებული შტატები. ამერიკამ გასამხედროებული დაჯგუფება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში 1997 წელს შეიყვანა. ერდოღანის განცხადებას მალევე გამოეხმარა იტალიის ვიცე-პრემიერი და თქვა, რომ მისი კომენტარები „მძიმე, ამაზრზენია და არ ეხმარება დეესკალაციას.“

„მე ვთხოვ ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრს, და შევთავაზებ, თურქეთის საელჩოს ფორმალური პროტესტის შეტყობინება გაუგზავნოს და ელჩი გამოიძახოს“, - თქვა იტალის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ.

თურქეთმა 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დაგმო, მაგრამ ისრაელს თავშეკავებული რეაგირებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ ის მკაცრად გმობს ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის დაბომბვას. ამასთან, მხარეებს შუამავლობა და ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაც არაერთხელ შესთავაზა.

თურქეთი, რომელიც „ჰამასის“ წევრებს თავის ტერიტორიაზე მასპინძლობს, მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინელთა შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის "ორი სახელმწიფოს" პრინციპით გადაწყვეტას.

გასამხედროებული დაჯგუფება „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრა და მეტწილად სამოქალაქო პირები, 1400-ზე მეტი ადამიანი დახოცა. დაჯგუფების წევრები სამხრეთ ისრაელში, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ ავტომაგისტრალებზე, კულტურულ ღონისძიებებზე, საკუთარ სახლებში, თავშესაფრებში. "ჰამასის" მებრძოლები მოქალაქეებს ხოცავდნენ, მათზე ძალადობდნენ, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს. ღაზაში წაყვანილი 200-ზე მეტი მძევლის ასაკი 9 თვიდან 85 წლამდეა.

7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია და საჰაერო იერიშები დაიწყო. სექტორის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, 6 546 პალეტინელი დაიღუპა, მათ შორის - 2 704 ბავშვი.

XS
SM
MD
LG