ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის სკოლაში მასწავლებელი სასიკვდილოდ დაჭრეს, საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა


ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ არასის სკოლაში 13 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის დროს, მასწავლებელი სასიკვდილოდ დაჭრეს. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი. საქმის გამოძიება საფრანგეთის ანტიტერორისტულ პროკურატურას გადაეცა.

პას-დე-კალეს რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი თავდამსხმელი დააკავეს, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი აარიდონ არასის ქალაქის ცენტრს.

ეჭვმიტანილი რუსეთში დაბადებული ჩეჩენია. ის იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, სადაც თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

საფრანგეთის პოლიციაში ამბობენ, რომ თავდამსხმელი პოტენციური საფრთხის შემცველი ადამიანების სიაში იყო.

პოლიციამ ვერ დაადასტურა ადგილობრივი მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის დანაშაულის ჩადენისას ყვიროდა: "ალაჰ აქბარ", რაც არაბულად ნიშნავს, ღმერთი დიადია. ადგილობრივი ტელევიზია BFM TV იტყობინება, რომ თავდამსხმელი დაახლოებით 20 წლის იყო.

"ჩვენ ყველანი შოკში ვართ", - თქვა ფილოსოფიის მასწავლებელმა მარტინ დუსაუმ, რომელსაც თავდამსხმელი დაედევნა, მაგრამ ოთახში ჩაკეტვის შემდეგ უვნებლად გადარჩა.

რეგიონის გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, რომ დუსაუს კოლეგა მასწავლებელი თავდამსხმელმა მაშინ მოკლა, როდესაც ის მის შეჩერებას ცდილობდა.

XS
SM
MD
LG