ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს


პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების დროშით ხელში, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცი პატივს მიაქგებს. 1 ოქტომბერი, 2023.
პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების დროშით ხელში, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცი პატივს მიაქგებს. 1 ოქტომბერი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე და მასზე ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს მაშინ, როცა ის გაიმარჯვებს.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი განმარტავს, რომ რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის დახმარების საკითხს ამერიკის კონგრესი ცალკე კენჭისყრაზე გაიტანს და როგორც ბაიდენი ამბობს, ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევისადმი „არავითარ შემთხვევაში“ არ შეიძლება შეწყდეს.

უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი კი ამბობს, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას აგრძელებს. ეს განცხადება მან ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

„მდივანმა ოსტინმა დამარწმუნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელ „ექსში“. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსების წინააღმდეგ ბრძოლას სარეზერვო საშუალებებით გააგრძელებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამბობს, რომ პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება, რათა ამერიკის ახალ ბიუჯეტში უკრაინისთვის თანხების გამოყოფა უზრუნველყოფილი იყოს. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა ხელუხლებელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში წერს“, რომ კონგრესის დროებითი გადაწყვეტილება უკვე გაცემულ დახმარებას არ შეეხება.

ამერიკის კონგრესი ამ დრომდე ვერ ახერხებს მომდევნო ფისკალური წლის ბიუჯეტზე შეთანხმებას, ამიტომ ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 45 დღით მთავრობის დაფინანსების შესახებ, რათა ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა თავიდან აეცილებინათ. ამ დაფინანსებაში კი უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხი არ მოხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG