რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გენერალი სერგეი სუროვიკინი, მეტსახელად "გენერალი არმაგედონი", საჰაერო ძალების მეთაურის პოზიციიდან მოხსნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “ვაგნერის“ შეიარაღებული დაჯგუფების ამბოხის შემდეგ ის საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა. სუროვიკინის მოხსნის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს ორმა რუსულმა საინფორმაციო წყარომ გამოაქვეყნა.
რუსეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს მფლობელი გენერალი სუროვიკინი ყველაზე მაღალი რანგის მქონე რუსი სამხედრო ფიგურაა, რომელიც სამსახურდან 23-24 ივნისის „ვაგნერის“ ამბოხების გამო გაათავისუფლეს. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ დაქირავებული სამხედრო დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის „მარშს მოსკოვზე“ რუსეთში სამოქალაქო ომის გამოწვევა შეეძლო.
პრიგოჟინმა ორშაბათს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მისი მინიშნებით აფრიკაშია გადაღებული. პრიგოჟინი ამბოხის დროს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ორივე მათგანი ამ დრომდე თანამდებობებზე რჩება.
სუროვიკინის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გავრცელებულა, თუმცა რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „რია“ ანონიმურ "ინფორმირებულ" წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ "რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ყოფილი უფროსი სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ხოლო გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დროებით ასრულებს საჰაერო ძალების მთავარსარდლის მოვალეობას“.
სუროვიკინის გათავისუფლებაზე წერს მეორე რუსული წყარო „არ-ბი-სიც“.
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა „როიტერს“ივნისში უთხრეს, რომ სუროვიკინი მხარს უჭერდა პრიგოჟინს, მაგრამ დასავლურმა დაზვერვამ დანამდვილებით არ იცოდა დაეხმარა თუ არა ის „ვაგნერს“ ამბოხის მოწყობაში.
სუროვიკინის საჯაროდ ცნობილი კომპეტენციის გათვალისწინებით, ზოგიერთი დასავლელი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ საბრძოლო ოპერაციებიდან მისმა ჩამოშორებამ შეიძლება დააზარალოს მიაყენოს რუსეთის ომი უკრაინაში, რასაც კრემლი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
სუროვიკინი საჯაროდ ბოლოს 24 ივნისს, „ვაგნერის“ აჯანყების მეორე და ბოლო დღეს გამოჩნდა. ბევრის შეფასებით, წინასწარ ინსცენირებულ ვიდეოში ის აშკარად დაძაბული ჩანდა, არ ეცვა სამხედრო ფორმა რუსული ჯარის ინსიგნიით. მიმართვაში მან პრიგოჟინს მოსკოვზე მარშის შეწყვეტისკენ მოუწოდა.