ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ აგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას ამერიკელი ჟურნალისტის გასათავისუფლებლად


ევან გერშკოვიჩი, რუსეთში დაკავებული, "უოლ-სტრიტ ჯორნალის" ამერიკელი ჟურნალისტი. მოსკოვი, რუსეთი. 22 ივნისი, 2023 წ.
ევან გერშკოვიჩი, რუსეთში დაკავებული, "უოლ-სტრიტ ჯორნალის" ამერიკელი ჟურნალისტი. მოსკოვი, რუსეთი. 22 ივნისი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთთან, ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. "უოლ-სტრიტ ჯორნალის" თანამშრომელი მოსკოვში უკვე 100 დღეზე მეტია დაკავებული ჰყავთ. გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს.

კრემლმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის მომდევნო რაუნდისთვის მზად არის. გერშკოვიჩის გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთი სავარაუდოდ ვლადიმირ დუნაევს მოითხოვს, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ამერიკაში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. მოსკოვის მოთხოვნით, მოლაპარაკება საიდუმლოა, ამიტომ მისი დეტალები ცნობილი არ არის.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადება ხუთშაბათს, 13 ივლისს, ფინეთში ვიზიტის დროს გააკეთა. ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებით დაინტერესებას გამოხატავს.

“ტყვეების გაცვლას სერიოზულად ვუდგები", თქვა ბაიდენმა და დასძინა: "სერიოზულად ვუყურებ იმას, რომ ყველაფერი ვიღონოთ, რათა გავათავისუფლოთ რუსეთში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილას უკანონოდ დაკავებული ამერიკლები. და ეს პროცესი გრძელდება".

გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს, სადაც ის რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული. მოსკოვის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის წინასწარი დაკავების ვადა 30 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

რუსეთი აცხადებს, რომ გერშკოვიჩს შეერთებულ შტატებს არ გაუცვლის მანამ, სანამ მას ბრალს არ წაუყენებენ. თუმცა, მოსკოვს სასამართლოს თარიღი ჯერ არ დაუნიშნია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG