"უოლ-სტრიტ ჯორნალის" რეპორტიორმა ევან გერშკოვიჩმა გაასაჩივრა რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი წინასწარი პატიმრობის სამი თვით გახანგრძლივების შესახებ.
გერშკოვიჩი შეერთებული შტატების მოქალაქეა. ის 2023 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა იგი ქალაქ ეკატერინბურგში სამხედრო საიდუმლოს შემცველი მასალების შეგროვებაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტს თავდაპირველად პატიმრობა 29 მაისამდე შეუფარდეს. თუმცა, სამშაბათს სასამართლომ პატიმრობა დახურულ სხდომაზე 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა.
შეერთებული შტატები ამბობს, რომ გერშკოვიჩი უკანონოდ დააკავეს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.