მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ვილნიუსში, ნატოს სამიტზეა მიმართული, უკრაინელი ჯარისკაცები ქვეყნის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ. ფრონტის ხაზზე ბრძოლის პარალელურად, უკრაინელი დიპლომატები და პოლიტიკოსები კი დიპლომატიურ ფრონტზე იბრძვიან და ამბობენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლოა, ომის დასასრულის ერთადერთი ვარიანტი იყოს.
უკრაინის მიერ წამოწყებულმა კონტრშეტევამ ქვეყანას ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნა, თუმცა წინსვლა ნელია, დაბრუნებული ტერიტორიების რაოდენობა კი არც ისე დიდი. ეს ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ომი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ამას მოელოდნენ.
ჯარისკაცი ზედმეტსახელად "პოვარი" 32 წლისაა და ის მეზღაურთა 35-ე ბრიგადის წევრია. მისი ბრიგადა მაკარივკას, უკრანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სოფლის გათავისუფლებაში მონაწილეობდა.
"იმედია ეს უკრაინისთვის ბოლო ომია... [იმედია] რომ საბოლოოდ დავუსვამთ წერილს ამ 300-წლიან ომს",- ეუბნება პოვარი სააგენტო "როიტერსს".
"როდესაც ასეთი საშინელი მეზობელი გვყავს, რაიმე ალიანსში უნდა გავერთიანდეთ, ცივილიზებულ სამყაროს უნდა შევუერთდეთ, რათა სერიოზული მხარდაჭერა და პარნტიორობა გვქონდეს",- ფიქრობს ჯარისკაცი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი, დიდი ალბათობით ომის პერიოდში ვერ გახდება, მაგრამ ამბობს, რომ უკრაინის ადგილი ნამდვილადაა ნატოში და ეს ქვეყნის სამომავლო ერთადერთი არჩევანია.
კიევი ნატოში გაწევრიანებას რუსეთის სამომავლო თავდასხმებისგან დაცვის ერთადერთ გარანტიად მიიჩნევს.
სააგენტო "როიტერსის" ჟურნალისტებს ბოლო ვიზიტის დროს, ბახმუტთან ახლოს, უკრაინელმა სამხედრო სამედიცინო პირებმა უთხრეს, რომ სულ უფრო იზრდება ტყვიებით დაჭრილების რაოდენობა.
მედიკოსი, რომელაც თავისი თავი ზემდეტსახელით, "იოდა" წარადგინა განმარტა, რომ გახშირებული ჭრილობები უკრაინელი ჯარისაკაცების კონტრშეტევის ოპერაციებით აიხსნება. ის ამბობს, რომ ჯარისკაცები შეტევაზე გადავიდნენ, შესაბამისად, დაჭრილებიც მეტნი არიან.
"ზოგადად, შეტევაზე ყოფნის ერთი კვირა, თავდაცვაზე ყოფნის ერთ თვეს უდრის",- განმარტავს ის.
38 წლის საველე ექიმი, უკრაინის 57-ე მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადაში ირიცხება. ისინი ბახმუტთან ახლოს იბრძვიან. ამ პატარა ქალაქის ასაღებად რუსეთს 10-თვიანი ბრძოლა დასჭირდა. მისი აღებისას კი ათასობით უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი მოკვდა. უკრაინამ ქალაქზე კონტროლი დაკარგა, თუმცა მის ირგვლივ ტერიტორიაზე მცირე წინსვლა აქვს.
იოდა ამბობს, რომ ბრძოლის დროს ოთხჯერ დაჭრეს, თუმცა მის მსგავსად უამრავი ჯარისკაცია რამდენჯერმე დაშავებული. ის ამბობს, რომ დანაყოფს საველე ექიმები სჭირდება, თუმცა ფრონტის ხაზზე მათი სიმცირეა.
მიუხედავად დასავლეთის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარებისა, უკრაინა მუდმივად მეტ და იარაღის ქვეყანაში უფრო სწრაფ ჩატანას ითხოვს.
მიიღებს თუ არა უკრაინა რაიმე დამატებით სამხედრო დახმარებას, ან უსაფრთხოების რაიმე ტიპის გარანტიებს, ეს ვილნიუსში, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.