ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინმა მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა და ამბობს, რომ უკან ბრუნდება


"ვაგნერის" დაჯგუფების მებრძოლები დონის როსტოვში, რუსეთი. 24 ივნისი, 2023 წ.
"ვაგნერის" დაჯგუფების მებრძოლები დონის როსტოვში, რუსეთი. 24 ივნისი, 2023 წ.

რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისს, თავის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერთან" ერთად, მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა და საველე ბანაკებში ბრუნდება. სააგენტო "ინტერფაქსი" და სხვა საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ მასთან მოლაპარაკებას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებით, ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი აწარმოებდა.

ცნობებს ნაწილობრივ ადასტურებს თავად პრიგოჟინის მიერ გავრცელებული აუდიო-გზავნილიც, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

"მათ “ვაგნერის" დაშლა სურდათ. 23 ივნისს ჩვენ გამოვედით სამართლიანი მარშით. ერთ დღე-ღამეში ისე ვიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრი გვქონდა დარჩენილი. ამ ხნის მანძილზე ჩვენი მეომრების ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაგვიღვრია.

ახლა დადგა ის მომენტი, როცა შეიძლება სისხლი დაიღვაროს. ამიტომ, მთელი იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთი მხრიდან რუსული სისხლის დაღვრას მოჰყვება, მიმართულებას ვუცვლით ჩვენს კოლონებს და მივდივართ საწინააღმდეგო მიმართულებით, საველე ბანაკებში, რაც გეგმითაა გათვალისწინებული" - აცხადებს ევგენი პრიგოჟინი.

აღნიშნული აუდიო-განცხადება პრიგოჟინის პრესსამსახურმა თავის ოფიციალურ "ტელეგრამის” გვერდზე დაახლოებით ერთი საათის წინ გაავრცელა.

განცხადებას წინ უძღოდა დაპირისპირება რუსეთში "ვაგნერის" დაჯგუფებას და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის. რუსეთის არმია ვერტმფრენებით ებრძოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ქვედანაყოფებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიიწევდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, "ვაგნერის" მებრძოლებმა ღამით დატოვეს უკრაინის ტერიტორია, გადავიდნენ რუსეთის საზღვარზე და დილით უკვე დონის როსტოვში იყვნენ, მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქში, რომელიც უკრაინის საზღვრის მახლობლად, რუსეთის სამხრეთით მდებარეობს. დონის როსტოვი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ლოგისტიკური ჰაბია, საიდანაც ის უკრაინაში მებრძოლ შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.

"ვაგნერის" მეომრებმა მიმართულება შემდეგ ჩრდილოეთისკენ აიღეს და წინ სწრაფად მიიწევდნენ. "როიტერის" ჟურნალისტი ადასტურებს, რომ მან თავისი თვალით დაინახა, თუ როგორ ესროდნენ რუსეთის არმიის ვერტმფრენებიდან "ვაგნერის" შეიარაღებული რაზმების კოლონას, რომელმაც მოსკოვამდე დაახლოებით შუა გზაზე მდებარე ქალაქი ვორონეჟიც უკან მოიტოვა.

თავად დედაქალაქ მოსკოვში უსაფრთხოება მთელი დღეა გაძლიერებულია. წითელი მოედანი რკინის ბარიერებითაა გადაკეტილი. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" 24 ივნისს გამოაქვეყნა.

"ძვირფასო თანამოქალაქენო, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით, ოპერატიული შტაბის ფარგლებში, გადავწყვიტე ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოვაცხადო" - დაწერა სობიანინმა "ტელეგრამის" ოფიციალურ გვერდზე.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, პრიგოჟინი ღალატამდე მისმა მზარდმა ინტერესებმა და "მოჭარბებულმა ამბიციებმა" მიიყვანა. "და ის, ვინც გამიზნულად დაადგა ღალატის გზას, ვინც შეიარაღებული ამბოხი მოამზადა, ვინც შანტაჟის და ტერორის მეთოდებს იყენებს, გარდაუვლად დაისჯება, პასუხს აგებს როგორც კანონის, ისე ჩვენი ხალხის წინაშე" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 24 ივნისს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG