რუსეთში კერძო შეიარაღებულ დაჯგუფება „ვაგნერის“ დაჯგუფების სამხედრო დაპირისპირება ქვეყნის უშიშროების ძალებსა და ჯარს შორის მეორე დღეა გრძელდება. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შაბათს, 24 ივნისს, პირობა დადო, რომ ამბოხებას ჩაახშობს. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა კი განაცხადა, რომ ის და მისი მებრძოლების რუსეთის პატრიოტები არიან, რომლებიც კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.
მოვლენები სწრაფად ვითარდება. დასავლეთის ლიდერების ნაწილმა საჯარო რეაქცია უკვე გააკეთა. გთავაზობთ ციტატებს ზოგიერთი მათგანის განცხადებიდან:
ამერიკის შეერთებული შტატები
"სიტუაციას თვალს ვადევნებთ და გავმართავთ კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ამ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით". განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა 23 ივნისსვე გააკეთა.
24 ივნისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებათა ლიდერებს და ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით... შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას".
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
„ვინც ბოროტების გზას ირჩევს, ის საკუთარ თავს ანადგურებს“.
„დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი პროპაგანდას საკუთარი სისუსტის და მისი ხელისუფლების სისულელეების დასაფარად იყენებდა, ახლა იმხელა ქაოსია, რომ ამას ვერანაირი ტყუილი ვერ მალავს“.
"რუსეთის სისუსტე აშკარაა. სრულმასშტაბიანი სისუსტე. და რაც უფრო დიდი ხნით დატოვებს რუსეთი თავის ჯარს და დაქირავებულ მებრძოლებს ჩვენს მიწაზე, მით მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მას მოგვიანებით".
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
"მომავალი საათების განმავლობაში, რუსეთის უსაფრთხოების ძალების და განსაკუთრებით რუსეთის ეროვნული გვარდიის ერთგულება იქნება გასაღები, რაც გადაწყვეტს იმას, თუ როგორ განვითარდება ეს კრიზისი. ეს რუსეთის სახელმწიფოსთვის ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა".
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
„ვაგნერის" ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის გავლით ჩრდილოეთით რაც უფრო შორს გადაადგილდებიან, თითქმის უეჭველია, რომ მათი მიზანი მოსკოვში მისვლაა.”
„ვაგნერსა და რუსეთის უშიშროების ძალებს შორის ბრძოლების შესახებ ძალიან შეზღუდული მტკიცებულებები გვაქვს. ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, პასიური რჩება და ვაგნერს წინააღმდეგობას არ უწევს“.
Ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი
“ვაგნერის ჯგუფისა და რუსეთის სამხედროების ჩართულობით, ღამის განმავლობაში მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ... ბრიტანეთის მოქალაქეებმა მთავრობის რჩევა უნდა გაითვალისწინონ და რუსეთში არ გაემგზავრნონ”
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი
ნატოს წარმომადგენელი ოანა ლუნგესკუ ამბობს, რომ ალიანსი „აკვირდება სიტუაციას“ რუსეთში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი
"100 წლის განმავლობაში ლიეტუველები მოსკოვის სასტიკი ბანდიტოკრატიის ზღვარზე ცხოვრობდნენ, იცოდნენ რა, რომ შემდეგი ქაოტური აფეთქება მხოლოდ დროის საკითხია. ქაოსის მომდევნო აფეთქებამდე. ჩვენ დაბნეული არ ვართ. ჩვენ ცხადად ვხედავთ ყველაფერს ქაოსში. მიზანი, როგორც ყოველთვის, არის გამარჯვება და სამართლიანობა უკრაინისთვის. დრო ახლაა“.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებას. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო შეჭრას და ქვეყანაში უსაფრთხოების სიტუაციის ეროზიის შესაძლო საფრთხეს, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ჩვენი მტკიცე გაფრთხილება რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის წინააღმდეგ, ჯერ ისევ ძალაშია.”
ესტონეთის პრემიერ მინისტრი კაია კალასი
"ესტონეთი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში ვითარების განვითარებას და ინფორმაციას მოკავშირეებთან აზიარებს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. საზღვრის უსაფრთხოება გაძლიერდა. ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში".
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ტვიტერზე
„რუსეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს დილით ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე მოკავშირეებთან.
„ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა მოვლენების მიმდინარეობას მუდმივად აკვირდებიან.”
საფრანგეთის საპრეზიდენტო ოფისი
ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყურადღებით აკვირდება რუსეთში შექმნილ ვითარებას.
„ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულები უკრაინის მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ელისეის სასახლემ.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში მოვლენებს."
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ოფისი
„პრემიერ-მინისტრი მელონი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც აჩვენებს, რომ უკრაინაზე მისი თავდასხმა, რუსეთის შიგნით არასტაბილურობას იწვევს“.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამინისტრომ მოუწოდა მოგზაურებს, შემდგომ შეტყობინებამდე მოერიდონ ქალაქ როსტოვს და მის მიმდებარე ტერიტორიას, ასევე მოსკოვის ცენტრს.
"მოსკოვში უნდა მოერიდოთ სახელმწიფო, განსაკუთრებით სამხედრო ობიექტებს. ქალაქის ცენტრს შემდგომ შეტყობინებამდე უნდა მოერიდოთ. რუსეთის უშიშროების ორგანოების ინსტრუქციები უნდა შესრულდეს ნებისმიერ ფასად", - ნათქვამია სამინისტროს განახლებულ სამოგზაურო რჩევებში.
Facebook Forum