ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ლიდერის ევგენი პრიგოჟინის მოქმედებებს „საზიზღარი ღალატი“. მისი თქმით, ეს „ზურგში ჩარტყმული დანა“ და „ნამდვილი სამხედრო ამბოხია“.
კადიროვი "ტელეგრამის" არხზე წერს, რომ ის სრულად „უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინის თითოეულ სიტყვას!“
რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები დაძაბულობის ზონებში უკვე გაემგზავრნენ. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ რუსეთის ერთიანობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა!
აჯანყება უნდა ჩაიხშოს და თუ ამას მკაცრი ზომები სჭირდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ!" - წერს კადიროვი.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა, მას შემდეგ, რაც ქალაქში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ყოფნა უარყო, მოგვიანებით, განაცხადა, რომ ოლქში ოპერატიულ-საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ვორონეჟის ოლქში "ვაგნერს" თავს დაესხნენ ავიაციის მეშვებით, ამის შესახებ "ვაგნერი" იუწყებოდა. იმავე არხზე ჯგუფმა განაცხადა, რომ რუსეთში "სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო" და ვერტმფრენი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, ჩამოგდებულია.
სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე ყოფნას ასახავს.
მანამდე ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერი" აკონტროლებს დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებს.
"ამერიკის ხმა" ეყრდნობა საინფორმაციო სააგენტოების და "რადიო თავისუფლების" მასალებს, რომლებიც მხარეების მიერ საინფორმაციო არხებით ვრცელდება. ამ ცნობების უტყუარობის დამოუკიდებლად გადამოწმება ომის პირობებში ვერ ხერხდება.
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.