ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოტავა სანქციებს უწესებს ბელარუსს და რუსეთს


დენის შმიჰალი და ჯასტინ ტრუდო. 11 აპრილი, 2023 წ. ტორონტო, კანადა.
დენის შმიჰალი და ჯასტინ ტრუდო. 11 აპრილი, 2023 წ. ტორონტო, კანადა.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კანადა უკრაინის დახმარებას აგრძელებს. პარალელურ რეჟიმში კი დამატებით სანქციებს უწესებს ბელარუსის ეროვნულ ბანკს და ასევე ბელარუსში მოქმედ 8 სხვა ბანკს. ოტავაში ამბობენ, რომ ყველა ეს საფინანსო ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია.

კანადამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთსაც, მათ შორის 14 ფიზიკურ და 34 იურიდიულ სუბიექტს. ოტავის ცნობით, ისინი სხვადასხვა ფორმით არიან ჩართული უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომში და არიან კავშირში ევგენი პრიგოჟინის მიერ მართულ "ვაგნერის ჯგუფთან". ეს უკანასკნელი დაქირავებული მებრძოლებისგან შემდგარი კერძო სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც უკრაინაში იბრძვის.

ბელარუსი ამ დრომდე ამბობს, რომ ომში ჩართული არ არის და მისი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე არ შევლენ, თუმცა წელზე მეტია რაც ბელარუსი რუსეთს აძლევს საშუალებას გამოიყენოს მისი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ბოლოს მინსკი და მოსკოვი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული ტაქტიკური იარაღი განთავსდება.

კანადამ ახალი სანქციების შესახებ ინფორმაცია მაშინ გაავრცელა, როდესაც ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ეწვია. უკრაინის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდომ, კანადის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ტრუდომ თქვა, რომ კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.

გარდა სამხედრო დახმარებისა კანადამ უკრაინას 2.4 მილიარდი დოლარი სესხად გამოუყო, რომელიც უკრაინაში ისეთ სერვისებს მოხმარდება, როგორიცაა : საპენსიო გადასახადები, საწვავის შეძენა და დაძიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა. კანადამ უკრაინის მთავრობას საერთო ჯამში ამ მიმართულებით 8 მილიარდი დოლარი გამოყო, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინისა და კანადის პრემიერ-მინისტრებმა იმსჯელეს იმის შესახებაც, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის განვითარება მას შემდეგ რაც რუსეთის ომი უკრაინაში დასრულდება. მათ შორის როგორ უნდა გაიზარდოს უკრაინის ეკონომიკა და აღდგეს ინფრასტრუქტურა.

კანადამ და უკრაინამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ახალგაზრდები კანადაში მოგზაურობას და მუშაობას მარტივად შეძლებენ, ომის დასრულების შემდეგ კი კანადელებიც ჩავლენ უკრაინაში. პრემიერ-მინისტრებმა თქვეს, რომ ეს კანადისა და უკრაინის ხალხებს კიდევ უფრო დაახლოებს ერთმანეთთან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG