ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: უკრაინაში მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვი 8 500-ს აჭარბებს


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCRH) განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციამ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 8 500-მდე სამოქალაქო პირის სიკვდილის ფაქტის დადასტურება შეძლო. კომისრის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლთა რაოდენობა ათასობით მეტი შეიძლება იყოს.

OHCRH-ის მიერ 11 აპრილს გამოქვეყნებულ, განახლებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოკლულია 8 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, 14 244 კი - დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

"OHCHR-ს სჯერა, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია. ინფორმაციის მიღება ისეთი ადგილებიდან, სადაც საომარი მოქმედებები უფრო ინტენსიურია, კვლავ დაგვიანდება. ზოგიერთი ცნობა კი ჯერაც არაა დადასტურებული", - ამბობს გაეროს სააგენტო.

ამავე ანგარიშში განმარტებულია, რომ მთლიანობაში 18 280 ადამიანია მოკლული ან დაშავებული. უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 6 596 ადამიანია მოკლული, 11 684 კი - დაშავებული. დამატებით, 4 454 ადამიანია მოკლული ან დაშავებული (1 894 მოკლული და 2 560 დაჭრილი) იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

გაეროს განცხადებით, 7 000-ზე მეტი ადამიანი დაბომბვის, საარტილერიო და საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა, თუმცა მოკლულთა რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მაღალი იქნება.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსული ძალები გამუდმებით უტევენ მშვიდობიან მოსახლეობას, ხშირია საჰაერო თავდასხმები, რომელთაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოსდევს.

XS
SM
MD
LG