ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ბირთვულ გეგმებთან დაკავშირებით, უკრაინა გაეროში საგანგებო შეხვედრას ითხოვს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება. 26 მარტი, 2023 წ. ვენა, ავსტრია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება. 26 მარტი, 2023 წ. ვენა, ავსტრია.

უკრაინის მთავრობამ კვირას, 26 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის მოწყობა მოითხოვა. კიევის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წინ აღუდგეს "კრემლის ბირთვულ შანტაჟს".

ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა გაამჟღავნა კრემლის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი აპირებს ტაქტიკური ატომური შეიარაღების ბელარუსში განლაგებას. უკრაინის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა "ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა".

პრეზიდენტ პუტინის განცხადება

რუსეთი აცხადებს, რომ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების ბელარუსში განლაგება პასუხია დასავლეთის მხრიდან უკრაინის მზარდ შეიარაღებაზე. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გეგმის შესახებ შაბათს, 25 მარტს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის განკუთვნილ ბრიტანულ დახმარებაში ურანის შემცველი შეიარაღებაც შედის.

პუტინის არგუმენტაციით, ის შეერთებული შტატების გეგმებს მიჰყვება. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონს ბირთვული შეიარაღება აქვს განლაგებული ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში და თურქეთში. "ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ისინი ათწლეულების მანძილზე შვრებოდნენ, განალაგეს რა ის [ბირთვული იარაღი] გარკვეულ მოკავშირე სახელმწიფოებში, მოამზადეს გამშვები პლატფორმები და გაწვრთნეს გუნდები" - თქვა პუტინმა ინტერვიუში.

უკრაინის რეაქცია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირას პუტინის განცხადება დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოითხოვა. "უკრაინა მოელის ეფექტიან ქმედებას, რომელიც წინ აღუდგება კრემლის ბირთვულ შანტაჟს გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის წინააღმდეგ" - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

კიევი იქვე ხაზგასმით ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს "განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ" ბირთვულ აგრესიაში. "მსოფლიო უნდა გაერთიანდეს მის წინააღმდეგ, ვინც საფრთხეში აგდებს მსოფლიო ცივილიზაციის მომავალს" - ამბობს განცხადება.

ოლექსი დანილოვმა, რომელიც უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანია, კვირას "ტვიტერზე" დაწერა, რომ პუტინის განცხადება ბელარუსის "შიდა დესტაბილიზაციისკენ" არის მიმართული. დანილოვის თქმით, ეს პრაქტიკულად "ბელარუსის ბირთვულ მძევლად აყვანას" ნიშნავს, რაც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთის და პუტინის მიმართ კიდევ უფრო მეტ "საჯარო მიუღებლობას" გამოიწვევს.

რუსეთის ძალებზე დრონებით მიტანილი იერიშები

კვირას აფეთქება მოხდა რუსეთის სიღრმეში, ქალაქ კირეევსკში. მოსკოვის ცნობით, მოსკოვიდან სამხრეთის მიმართულებით, 175 კილომეტრის დაცილებით, უკრაინული დრონი "ტუ-141" შევიდა. მისი სამიზნე საცხოვრებელი სახლები იყო. მომხდარი აფეთქების გამო, 3 ადამიანია დაჭრილი.

უკრაინას აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. აფეთქებამ რუსული მედიის ცნობით, დაახლოებით, 15 მეტრის სიგანის და 5 მეტრის სიღრმის კრატერი დატოვა.

მოსკოვი ასევე იუწყება, რომ მცირე ზომის დრონებით იერიშები უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სხვა ქალაქებშიც განხორციელდა. ესენია ბრიანსკი და ბელგოროდი.

დღეს კი, რუსეთის ცნობით, უკრაინული დრონები გამოჩნდა ყირიმულ ქალაქ ჯანკოიშიც. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაა, რომელსაც 2014 წლის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. კიევი მომხდარ თავდასხმაზე უშუალო პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განადგურებულია რუსეთის ფრთოსანი რაკეტები.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG