ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირბი: ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის


საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცემის შემდეგ, თეთრ სახლში პირველი კომენტარი გაკეთდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საკითხს დეტალურად შეისწავლის და ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ჯონ კირბი აქვე ამბობს, რომ ვაშინგტონის სურვილია, რუსეთმა უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს.

„საკითხს შევისწავლით და ოფიციალური კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ. პრეზიდენტ ბაიდენი მკაფიოდ ამბობს, რომ [ამერიკის შეერთებული შტატების] სურვილია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებსაც ისინი უკრაინაში სჩადიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“ - თქვა კირბიმ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რათა შეგროვდეს მტკიცებულებები ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.

განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გაცემული ორდერი ეფუძნება "უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე მის შესაძლო პასუხისმგებლობას". კერძოდ კი, უკრაინიდან "მოსახლეობის, [ბავშვების] უკანონო დეპორტაციაზე". საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქებიდან ათასობით ბავშვის რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG