ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი ამბობს, რომ თურქეთის ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს


შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს მის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ სტოკჰოლმი არ დააკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომელიც ანკარამ მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ წაუყენა - განაცხადა კვირას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

„თურქეთი ადასტურებს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ვთქვით, რომ გავაკეთებდით, მაგრამ ასევე ამბობს, რომ სურთ ისეთი რამეები, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვიძლია, ან არ გვინდა“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა 8 იანვარს, თავდაცვის კონფერენციაზე.

ფინეთმა და შვედეთმა 2022 წელს ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც მიზნად ისახავს ანკარის წინააღმდეგობების დაძლევას ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებით.

სტოლკჰოლმა და ჰელსინკიმ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებაზე მაისში განაცხადეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. მაგრამ, თურქეთმა მათ პირობები წაუყენა, წევრობის აპლიკაციის მხარდასაჭერად და ისინი ქურთი მებრძოლებისთვის თავშესაფრის მიცემაში დაადანაშაულა.

კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტერსონმა თქვა, რომ მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც შვედეთს არ შეეძლო, ან არ სურდა, სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებს გარეთაა.

"თურქეთი საუბრობს პირებზე, რომელთა ექსტრადაციაც შვედეთიდან სურს. ამაზე მე ვუპასუხე, რომ ეს საკითხები შვედური კანონმდებლობის ფარგლებში იქნება განხილული", - თქვა მან.

ანკარამ გასული წლის ბოლოს, იმედგაცრუება გამოხატა შვედეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თურქეთის თქმით, სასამართლომ რელიგიურ ლიდერ ფეთულა გიულენთან დაკავშირებული, ჟურნალისტების ექსტრადირების საკითხი შეაჩერა. თურქეთი გიულენს 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში დებს ბრალს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG