შვედეთის უშიშროების პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ყოფილი თანამშრომელი, თავის ძმასთან ერთად, სასამართლო პროცესზე წარსდგა. ორივე მათგანი რუსეთისთვის ჯაშუშობაშია ბრალდებული.
ამ თვის დასაწყისში პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი შვედეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ მოქმედებაში არიან ეჭვმიტანილნი.
42 და 35 წლის მამაკაცები, გასულ წელს დააკავეს. ისინი ბრალდებას უარყოფენ. ძმებს ბრალად ედებათ, ათი წლის განმავლობაში, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოსთვის, საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება. პროკურატურის ცნობით, უფროს ძმას ასევე ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის უხეში, არასანქცირებული გამოყენება.
ანტონ სტრენდმა, უფროსი მამაკაცის ადვოკატმა, ხუთშაბათს თქვა, რომ მისი კლიენტი ბრალდებებს უარყოფს.
”ის მუშაობდა შვედეთის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე და ყოველთვის აკეთებდა ყველაფერს, რომ კარგად ემუშავა ძალიან რთულ გარემოში”, - თქვა სტრენდმა.
შვედეთი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ნეიტრალური ქვეყანა იყო, იმედოვნებს, რომ მალე შეუერთდება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, უსაფრთხოების გარემოს ცვლილების ფონზე.
ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი, ძირითადად, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სასამართლო განხილვები, სავარაუდოდ, მინიმუმ 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ამას გარდა, სხვა საქმის ფარგლებში, შვედეთის პოლიციამ ამ კვირაში კიდევ ორი ადამიანი დააკავა, რომელთაც ბრალად ჯაშუშობა ედებათ. პოლიციას არ უთქვამს, არიან თუ არა ეჭვმიტანილები შვედეთის მოქალაქეები და არ აცხადებენ, თუ ვისთვის ჯაშუშობდნენ დაკავებული პირები.
Facebook Forum