ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ლულას ინაუგურაციის დროს დედაქალაქში იარაღის ტარება აკრძალა


ოთხშაბათს, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ, პოლიტიკური ძალადობის ბოლო ეპიზოდების პასუხად, პრეზიდენტად არჩეული ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციის დასრულებამდე, დარეგისტრირებული იარაღის მქონე მოქალაქეებს ფედერალურ ოლქში იარაღის ტარება აუკრძალა.

მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა დროებით შეაჩერა ლიცენზიები, რომელიც მონადირეებს, სნაიპერებს და კოლექციონერებს იარაღის და ვაზნების ტარებას უკრძალავს იმ რეგიონში, სადაც დედაქალაქი ბრაზილია მდებარეობს.

მორაესის გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალვა ძალაში იქნება ოთხშაბათ საღამოდან 2 იანვრამდე, ინაუგურაციის მომდევნო დღემდე.

ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ დროს, როდესაც ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მძიმე არჩევნების შემდეგ, მაღალი დაძაბულობა რჩება. მემარცხენე ლულამ მცირე უპირატესობით დაამარცხა ულტრა მემარჯვენე მოქმედი პრეზიდენტი ბოლსონარო.

ბოლსონაროს მომხრეებმა არმიის ყაზარმებთან ბანაკი გამართეს და სამხედროებს პუტჩისკენ მოუწოდებდნენ. ბანაკი „ბრაზილია“, რომელიც არმის შტაბთან იყო განლაგებული, ყველაზე ექსტრემისტული გახდა.

12 დეკემბერს, როდესაც ლულას გამარჯვების სერტიფიცირება მოხდა, ბანაკის ზოგიერთი წევრი ბრაზილიაში ფედერალური პოლიციის შტაბს დაესხა თავს. შაბათს დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად ბომბის აფეთქება სცადა და თქვა, რომ ბოლსონაროს მოწოდებამ, შეიარაღებულიყვნენ, მას არსენალის შექმნა შთააგონა.

მოსამართლე მორაესის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერს, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, დააპატიმრებენ. აკრძალვა არ ეხება უშიშროების ძალებს და უსაფრთხოების კერძო ფირმების თანამშრომლებს.

მომავალმა იუსტიციის მინისტრმა ფლავიო დინომ მოსამართლის გადაწყვეტილება შეაქო და თქვა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიების დროებით შეჩერების თხოვნით, უზენაეს სასამართლოს ლულას გუნდმა მიმართა.

XS
SM
MD
LG