არჩევნებში დამარცხებული ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაილ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა, ფედერალური პოლიციის სათაო ოფისებში შეჭრა სცადეს. ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხების სერტიფიცირება ოფიციალურად მოხდა.
დედაქალაქში, სამართალდამცავებსა და ბოლსანოროს მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „როიტერი“, თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლიციამ ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეტაკებებს წინ უსწრებდა პრეზიდენტ ბოლსანაროს მხარდამჭერის დაკავება, ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
ბრაზილიის ფედერალურმა საარჩევნო სასამართლომ, 30 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირება ორშაბათს მოახდინა და ბოლსანაროს მემარცხენე მოწინააღმდეგე, ლუის ინასიო ლულა და სილვა პრეზიდენტად გამოაცხადა. არჩევნების შედეგების სერტიფიცირებას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში უსაფუძვლო ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბრაზილიის ხმის მიცემის სისტემა გაყალბებისგან დაუცველია, ბოლსონარომ არც ლულას დამარცხება აღიარა და არც ოფიციალურად დაბლოკა ძალაუფლების გადაცემა.
არჩევნების შედეგების თანახმად, ლულამ, რომელიც ბრაზილიის 35ე პრეზიდენტი იყო 2003-2010 წლებში, ხმათა 50.9 % მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ კი - 49.1 %.
ლულა პირობას დებს, რომ ბოლსონაროს პოლიტიკის საკვანძო საკითხებს მნიშვნელოვნად შეცვლის, მათ შორის იარაღთან და ამაზონის ტყეების სუსტ დაცვასთან დაკავშირებით. არჩეული პრეზიდენტი ამომრჩეველს იმასაც ჰპირდება, რომ ძლიერ დაყოფილ მოსახლეობას გააერთიანებს, და 215 მილიონი ბრაზილიელის პრეზიდენტი იქნება და არა მხოლოდ მათი, ვინც მას ხმა მისცა.
"არ არსებობს ორი ბრაზილია. ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი დიდი ერი", - თქვა მან.