აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ხუთშაბათს ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ შეთანხმების საფუძველზე, რომელზეც ორი ქვეყნის მთავრობა გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა, შეერთებული შტატები უკრაინის მოსამარაგებლად 100 ათას "ჰაუბიცის" ჭურვს სამხრეთ კორეელი მწარმოებლებისგან შეიძენს.
შეთანხმება შედგა იმ დროს, როდესაც უკრაინელი ლიდერები დაჟინებით ითხოვენ მეტ იარაღს და დახმარებას, რათა განავითარონ კონტრშეტევა, რომლითაც რუსული ძალების ომის დასაწყისში დაკავებული ტერიტორიებიდან გაძევებას ახდენენ. ეს შეთანხმება პასუხობს იმ შეშფოთებას - კერძოდ აშშ-ის სახმელეთო ჯარში და საზღვაო ქვეითებში - რომ უკრაინისთვის პენტაგონის "ჰაუბიცების" ჭურვების უწყვეტი გადაცემა მათ მარაგებს ამცირებს.
თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალურმა პირმა დადასტურა კონტრაქტის ზოგადი მონახაზი და თქვა, რომ ეს მარაგებზე წნეხს შეარბილებს, განსაკუთრებით "ჰაუბიცების" საბრძოლო მასალაზე, რომელსაც უკრაინელები დიდი ინტენსიურობით იყენებენ. გასულ კვირაში, თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინა დღეში 7 ათას ჭურვს, რუსეთი კი ყოველდღიურად 20 ათას ჭურვს იყენებდა.
ორივე ოფიციალურმა პირემა ანონიმურობის პირობით ისაუბრა, რადგან შეთანხმების დეტალები ჯერ საჯარო არ არის.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ თავის განცხადებაში დაადასტურა მიმდინარე მოლაპარაკების არსებობა, რომელიც 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების უცნობ რაოდენობას ეხება, რაც აშშ-ის მარაგების შესავსებადაა გათვალისწინებული.
პენტაგონის პრეს-მდივანმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარტი მაინერსმა თავის განცხადებაში თქვა, რომ აშშ-ის მთავრობას ჰქონდა მოლაპარაკები სამხრეთ კორეის თავდაცვის საშუალებების არასამთავრობო მწარმოებლებთან. მისი თქმით, საბრძოლო მასალა სამხრეთ კორეის სამხედრო მარაგებიდან არ წამოვა. მაინსერმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.