რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, 12 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. კრემლის ინფორმაციით, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში დაგეგმილ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხი, ორმხრივი ურთიერთობები იქნება.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „შესაძლებელია“, ლიდერებმა შეხვედრაზე ასევე განიხილონ ერდოღანის წინადადება, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები თურქეთში გაიმართოს.
10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის 15-მდე სხვადასხვა დასახლება დაბომბა. თავდასხმის სამიზნე გახდა დედაქალაქი კიევიც, სადაც რუსულ რაკეტას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, რუსულ სარაკეტო თავდასხმებს, რასაც კიევი „ტერორისტულ აქტებს“ უწოდებს, 11 ოქტომბრის მონამცემებით, სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა ან დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს თავდასხმები კიევის "ტერორისტული ქმედებების" საპასუხო ნაბიჯი იყო. "ტერორისტულ აქტად" რუსეთის პრეზიდენტს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარი აფეთქება მიაჩნია. პუტინმა "მკაცრი" და "პროპორციული" ნაბიჯების პირობა დადო, თუკი უკრაინა "რუსეთის უსაფრთხოებას ისევ დაემუქრება".
საჰაერო იერიშები პირველი ასეთი ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რაც რუსულმა ძალებმა განახორციელა. ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინა რუსულ ძალებს სამხრეთით და აღმოსავლეთით უტევს და წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, არაერთი ტერიტორია ოკუპაციისგან გათავისუფლდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ათობით რაკეტა და ირანული წარმოების დრონები გამოიყენა.
„სამწუხაროდ, ამ ტერორისტული აქტის შედეგად, დღეს 12 ადამიანი დაიღუპა. 80-ზე მეტი დაიჭრა, ან დაშავდა. ყველა, ვინც დახმარებას ითხოვს, ამას მიიღებს. 84 რუსული რაკეტიდან, რომელიც უკრაინას ესროლეს, 43 ჩამოვაგდეთ. ამის შემდეგაც კი, ყოველ 10 წუთში, ირანული „შაჰიდების“ (დრონების) ჩამოგდების შესახებ ვიღებ ინფორმაციას“ - ვოლოდომირ ზელენსკიმ , 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული რუსული თავდასხმის შედები, დღის ბოლოს, აღდგენითი სამუშაოების ფონზე ჩაწრილ ვიდეომიმართვაში შეაჯამა.
„ჩვენ აღვადგენთ ყველა ობიექტს, რომელიც დღეს რუსი ტერორისტების დარტყმების შედეგად დაზიანდა. ეს მხოლოდ დროის საკითხია“ - აცხადებს ზელენსკი.