უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, აგვისტოს ბოლოს დაწყებული კონტრშეტევის შედეგად, ის ხერსონის მიმართულებით 1, 170 კვადრატული კილომეტრით დაწინაურდა. კიევს წარმატება აქვს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგადაც, თუმცა სამხრეთით დაწინაურება შედარებით ნელა ხდება, მეტ ძალისხმევასა და მებრძოლის ჩართულობას მოითხოვს.
სამხრეთის ძალების მეთაურის პრეს-სპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ადასტურებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები წინ მიიწევენ ხერსონის ფრონტზე. თუმცა, გათავისუფლებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. "გრძელდება ტერიტორიების კონსოლიდაციისთვის საჭირო ძალისხმევა, მისი გაწმენდისა და სტაბილიზაციისთვის საჭირო ოპერაციები. ტერიტორიებზე, სადაც შევდივართ, რუსი ოკუპანტებისგან ბევრი სიურპრიზია დატოვებული", - თქვა ჰუმენიუკმა უკრაინული მაუწყებლის ეთერში.
უკრაინის ოფიციალური პირები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ხერსონის მიმართულება კიევისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 24 თებერვლის შემდეგ მალევე, რუსეთმა რეგიონის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება მოახერხა. ამ მიმართულებით მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგები ყირიმის ნახევარკუნძულის მომარაგებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. რეგიონი ასევე მდიდარია სასოფლო სამეურნეო მიწებით. აქვე მდებარეობს ხერსონის მნიშვნელოვანი პორტიც.