ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა. 2021 წლის, 26 აგვისტო ბოლო 10 წლის განმავლობაში ავღანეთში ყველაზე ტრაგიკული დღე იყო - ტერორისტულ აქტს 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო და 170-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
„ერთი წლის წინ, ამ დღეს ავღანეთში მომხდარი ტერაქტის დროს 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს გმირი ამერიკელი სამხედროები თავდაუზოგავად შრომობდნენ და დაიღუპნენ უპრეცედენტო დავალების შესრულებისას იმისათვის, რომ უსაფრთხოდ გადაეყვანათ 124 ათასი ადამიანი. ისინი ასევე ეხმარებოდნენ ათობით ათას ავღანურ ოჯახს ამერიკული ოცნების ახდენაში. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, - წერია განცხადებაში რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
აფეთქება ქაბულის აეროპორტთან მაშინ მოხდა, როცა ამერიკელი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები ავღანელთა ევაკუაციაზე მუშაობდნენ. მომხდარის გამო ევაკუაციის პროცესი შეფერხდა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა კი ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ცამეტივე ამერიკელი სამხედრო ამერიკის საზღვაო ძალებში ირიცხებოდა. ისინი მალევე გადაასვენეს სამშობლოში და საპატიოდ დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას გასულ წელს პრეზიდენტი ბაიდენიც დაესწრო.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები ამერიკელ დიპლომატებთან ერთად აგრძელებენ მუშაობას.
"მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ამერიკის საელჩოსა თუ საკონსულოში სტუმარი მიდის, პირველი მას სწორედ ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენელი ხვდება. ჩვენთვის და ჩვენი დიპლომატებისთვის დიდი პატივია, რომ ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ უფრო უსაფრთხო მსოფლიოსთვის", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სამძიმარს უცხადებს იმ ოჯახებს, რომელთა ახლობლებიც და ოჯახის წევრებიც ტერორისტულ აქტს შეეწირნენ.
„ჩვენ ასევე ვწუხვართ 170-ზე მეტი ავღანელის დაღუპვის გამო, რომლებიც ამ თავდასხმას შეეწირნენ. ისინი ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებოდნენ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავღანეთიდან ასიათასობით ადამიანის ევაკუაცია მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ამერიკელმა სახმედროებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს ქვეყნის დაცვა, თალიბანმა კი ქაბული აიღო. ქაბულის დაცემის შემდეგ ავღანეთში ქაოსი დაიწყო.
"მე მჯერა, რომ გასულ აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია ჩვენმა გადაწყვეტილებამ - სრულად დაგვეტოვებინა ავღანეთი. ავღანური ჯარი და პოლიცია დაიშალა, რადგან დაკარგეს ბრძოლის უნარი. 2500 სამხედრო მოგვცემდა ავღანეთში პატარა ბაზას, ძალიან მტკიცე ბაზების წყებას, რომელში ბაგრამის საჰაერო ბაზაც შევიდოდა. ეს მოგვცემდა ავღანეთის ლოჯისტიკური სისტემის მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა გაგვეძლიერებინა ავღანეთის საჰაერო ძალების მხარდაჭერა ადგილზე", - ამბობს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ, კარლა ბაბთან საუბრის დროს თადარიგის გენერალი ფრანკ მაკკენზი. მას მიაჩნია, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების სრულად გამოყვანა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
ჯარების გამოყვანის შესახებ განსხვავებული პოზიციები არსებობს. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ 20-წლიანი კონფლიქტის დასრულება აუცილებელი და დაგვიანებულიც კი იყო. ნაწილის აზრით კი, ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო და ჯარების ნაწილი ქვეყანაში უნდა დარჩენილიყო. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით, ქაბულში ალ-ყაიდას ლიდერი მოკლეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანა ახლა "უკეთეს პოზიციაშია", ვიდრე - ავღანეთში ყოფნისას და ტერორიზმთან ბრძოლა ადგილზე სამხედრო წარმომადგენლობის გარეშეც შესაძლებელია.
ორკვირიანი ევაკუაციის პროცესის შედეგად ავღანეთიდან 120 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, მაგრამ ამერიკის ათობით ათასი მოკავშირე ქვეყანაში დარჩა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია უპრეცენდენტო მოვლენაა.
ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება ორი პრეზიდენტის სახელს უკავშირდება. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გუნდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას თალიბანთან, რომლის მიხედვითაც ამერიკას ჯარები 2021 წლის მაისისთვის უნდა გაეყვანა, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა ეს პროცესი 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
Facebook Forum