დღეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მილიონობით ამერიკელს სტუდენტური ვალების გადახდაში დაეხმარება. მთავრობის შეღავათი ერთჯერადია, ის $10 000-ს შეადგენს და განსაზღვრულია იმ ამერიკელებისთვის, ვისი ინდივიდუალური წლიური შემოსავალიც $125 000-ს, ოჯახის შემოსავალი კი $250,000-ს არ აღემატება. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე წლის ბოლომდე გაახანგრძლივა პაუზა, რომელიც კოვიდ-19-ის გამო სტუდენტური დავალიანების ყოველთვიურ გადასახადზე იყო დაწესებული.
დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი პრეზიდენტისგან ითხოვდა, რომ დახმარება თითოეულ სტუდენტურ სესხზე მინიმუმ $50 000 ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის 10 000 $-ით განსაზღვრა. ბაიდენის წინასაარჩევნო დანაპირების ნაწილობრივ შესრულება შესაძლოა დემოკრატებს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე დაეხმაროს. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯს ინფლაციის გაღრმავების გამოწვევაც შეუძლია.
უმაღლესი განათლების საფასური რიგითი ამერიკელისთვის თანდათან უფრო იზრდება და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს უსწრებს. მარტო ფედერალური სესხების რაოდენობამ, კერძო ბანკების გამოკლებით, ქვეყანაში $1.6 ტრილიონს მიაღწია. ფედერალური სტუდენტური დავალიანება შეერთებულ შტატებში დაახლოებით 45 მილიონ ადამიანს აქვს.
Facebook Forum