გამოცდილი დიპლომატი ფილიპ რიკერი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ელჩი რიკერი იქნება ამერიკის მთავარი წარმომადგენელი კავკასიის საკითხებში.
„ამ კრიტიკულ პერიოდში, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი ამერიკის დელეგაციისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე,“- წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალურ განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით, ერთ-ერთი საქართველოსაც ეხება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია:
„ამ პერიოდში, ელჩ რიკერის ამ თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს საკითხს“.
ფილიპ რიკერი საქართველოს კარგად იცნობს და ის თბილისში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ბოლოს, ის საქართველოში 2021 წელს იმყოფებოდა, მანამდე კი თბილისში 2020 წელს, ამერიკის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოსთან ერთად ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და მოლაპარაკებების ეს ფორმატი შეთანხმების ნაწილია. თავდაპირველად მოლაპარაკებები წელიწადში 4-ჯერ იმართებოდა, მოგვიანებით შეთანხმება რამდენჯერმე დაირღვა.
საქართველოსთან და რუსეთთან ერთად შეხვედრებს ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებიც ესწრებიან, შეხვედრაში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, პროცესის თანათავმჯდომარეები კი ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები არიან.
ჟენევაში მოლაპარაკებების ორი ფორმატი არსებობს, ერთ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხები, მომლაპარაკებელთა მეორე ჯგუფი კი დევნილების საკითხებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავს.
ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის სურვილია მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, და მოხდეს კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარება. „ელჩი რიკერი ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში და ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს,“- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ფილიპ რიკერი გამოცდილი დიპლომატია, მას აქვს მრავალ წლიანი გამოცდილება ევროპის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მხრივ. ის ბოლოს დიდ ბრიტანეთში ამერიკის საელჩოში მუშაობდა. მანამდე 2019-2021 წლებში ელჩი რიკერი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
რიკერი წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკის ევროპული საერდლობის მეთაურის პოლიტიკურ მრჩევლად და ასევე მსახურობდა შეერთებული შტატების გენერალურ კონსულად მილანში. 3 წლის განმავლობაში ფილიპ რიკერი იყო ამერიკის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში.