უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთი შეჭრიდან მალევე შავი ზღვის პორტების ფუნქციონირება შეიზღუდა და შეჩერდა. რუსეთის არტილერია თუ საზღვაო ძალები მათ მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.
"ყველა უკრაინული პორტი უმოქმედოა/გაჩერებულია ომის დაწყებიდან მეორე ან მესამე დღეებიდან მოყოლებული", - ამბობს ანდრი სტავნისტერი, ოდესის მახლობლად მდებარე იუჟნის TIS სატვირთო პორტის თანამფლობელი. "უკრაინულ პორტებში 80-მდე გემია დაბლოკილი. ზოგიერთი მათგანი ცარიელია, ზოგზე ტვირთია. მათი ეკიპაჟის წევრები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტული. ეს ფაქტობრივად "აჩრდილი გემებია", რომლებსაც უკრაინის დატოვება არ შეუძლიათ", - ამბობს ის.
იუჟნის პორტი შავ ზღვაზე გამავალი უდიდესი უკრაინული კომერციული პორტია. სტავნისტერი, რომელიც უკრაინაში 100 უმდიდრეს ადამიანს შორისაა და იუჟნის აეროპორტში ხუთ სატვირთო ტერმინალს აკონტროლებს, ამბობს, რომ მასობრივი ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც წესი ქარხანასავით მუშაობს, ახლა სრულიად დადუმებულია. ხუთი ათასი თანამშრომელი კი სახლში ზის და უკეთესი მომავლის იმედი აქვს. სტავნისტერის აზრით, გაეროს ეგიდით გარკვეული ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზებაა საჭირო იმისთვის, რომ პორტების განბლოკვა გახდეს შესაძლებელი.
შავ ზღვაში გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იყო. სტავნისერი ამბობს, რომ უკრაინა წელიწადში 60 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებდა და ამერიკის შემდეგ პირველი ექსპორტიორი იყო, თუმცა ახლა ეს ტვირთი გაჩერებულია.
უკრაინაში ახლა 30 მილიონ ტონა მარცვლეულზე მეტია შეყოვნებული. 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტი დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის. უკრაინის ექსპორტის დაახლოებით 20 % ქვეყნიდან სწორედ შავი ზღვის პორტებიდან გადის.