ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ვეტერანი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა


ამერიკელი მოალისეების ერთი ჯგუფი უკრაინაში: რედი, ალექსისი და რობი კიევის მახლობლად. 20 მარტი, 2022 წ.
ამერიკელი მოალისეების ერთი ჯგუფი უკრაინაში: რედი, ალექსისი და რობი კიევის მახლობლად. 20 მარტი, 2022 წ.

დაიღუპა ვეტერანი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძოდა. ინფორმაციას შეერთებულ შტატებში მისი ოჯახიც ადასტურებს. ეს 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინაში მებრძოლი ამერიკის მოქალაქე დაიღუპა.

რებეკა კაბრერამ ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ საუბრის დროს თქვა, რომ მისი ვაჟი ვილი ჯოზეფ კანსელი, რომელიც მანამდე ტენესის შტატში მუშაობდა, უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა. „მას სურდა იქ წასვლა, რადგან სჯეროდა იმის, რისთვისაც უკრაინა იბრძვის და სურდა მისი ნაწილი ყოფილიყო “- თქვა დაღუპული ამერიკელი სამხედროს დედამ.

ვილი ჯოზეფ კანსელი ოჯახის ცნობით, კონტრაქტორად თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა და უკრაინაში თანამებრძოლებთან ერთად 12 მარტს გაფრინდა. ოჯახი ამბობს, რომ კანსელი ჯერ პოლონეთში ჩავიდა საიდანაც შემდეგ უკრაინაში გადავიდა.

ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს განაახლა. უკრაინაში არაერთი ამერიკელი ვეტერანი იბრძვის. ასევე არიან რეზერვისტები დიდი ბრიტანეთიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან.

ოჯახი ამბობს, რომ ვილის ცხედარი ნაპოვნი არ არის. „ისინი ცდილობენ, მაგრამ მათ, ვინც მასთან ერთად იყო, ცხედრის გამო სიცოცხლის გაწირვა უწევდათ" - ამბობს ვილის დედა და გამოთქვამს სურვილს, რომ შვილის ცხედარს როდესმე დაიბრუნებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ოფიციალურად არ ადასუტრებს. თუმცა, ისინი ამბობენ, რომ ვითარებას თვალს გულდასმით ადევნებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს სთხოვს, არ წავიდნენ უკრაინაში. ამერიკის საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ ამერიკელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ტელეკომპანია „ფოქს-ნიუსთან“ საუბრის დროს ვილის ქვრივი, ბრიტნი კანსელი ამბობს, რომ მისი ქმარი გმირია.

„დიახ, ჩემი ქმარი დაიღუპა უკრაინაში. ის წავიდა ხალხის დასახმარებლად. ყოველთვის გრძნობდა, რომ ეს მის ცხოვრებაში მთავარი მისია იყო,“- ამბობს ის.

ბრიტნი ყვება, რომ ვილს ყოველთვის სურდა გამხდარიყო პოლიციელი ან მეხანძრე და დახმარებოდა ადამიანებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG