ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ტრევორ რიდი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ეს რუსეთთან პატიმრების გაცვლის შემდეგ მოხდა. გაცვლა ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე ყველაზე დაძაბული ორმხრივი ურთიერთობების პირობებში მოხდა, რაც უკრაინაში ომითაა გამოწვეული.
რიდი ოთხშაბათს, რუს პილოტ კონსტანტინ იაროშენკოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ გაცვლა უფრო ფართო დიპლომატიური მოლაპარაკებების ნაწილი არ ყოფილა და უკრაინის საკითხის მიმართ ამერიკული მიდგომის ცვლილებას არ წარმოადგენს.
ტეხასელი რიდი შეერთებულ შტატებში იმყოფება, თქვა მისმა წარმომადგენელმა, თუმცა იმავდროულად არ დაუდასტურებია, თუ ქვეყანაში საიდან შემოვიდა.
მანამდე რიდის მშობლებმა თქვეს, რომ შესაძლო იყო ის დაკვირვებისთვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანათ. მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ 30 წლის რიდი „მხნედ“იყო.
„მოლაპარაკებებს, რომელმაც ტრევორის შინ დაბრუნების საშუალება მოგვცა, რთული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდა, რასაც მე დაუდევრად არ ვიღებ“, თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
კითხვაზე, თუ რუსეთთან დაძაბულობის ფონზე რიდის პატიმრობის საკითხის წამოწევა როგორ შეძლო, ბაიდენმა უპასუხა: „ეს მე გავაკეთე. ეს საკითხი მე წამოვწიე. სამი თვის წინ მე წამოვწიე.“
რიდს რუსეთში მსჯავრი 2019 წელს დასდეს. მას მოსკოვში ვიზიტის დროს, სიმთვრალისას ორი პოლიციელის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება ბრალდებოდა. შეერთებულმა შტატებმა მის სასამართლოს „აბსურდის თეატრი“ უწოდა.
ბაიდენმა სასჯელი შეუმსუბუქა რუს პილოტ იაროშენკოს, რომელიც ამერიკულმა საგანგებო დანიშნულების ძალებმა 2010 წელს ლიბერიაში დააკავა. მას მსჯავრი შეერთებულ შტატებში კოკაინის კონტრაბანდული გზით შემოტანის დანაშაულებრივ შეთქმულებაში დასდეს.
რუსეთმა იაროშენკოს გაცვლის წინადადება 2019 წლის ივლისში წამოაყენა და მზად იყო მასში გასაცვლელად ნებისმიერი ამერიკელი გაეთავისუფლებინა.
პატიმრების გაცვლა თურქეთში მოხდა.
ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვეს, რომ კიდევ ერთი ამერიკელის, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უელანის გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ.