ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

HRW ყაზახეთს იანვრის აქციების დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს


კენეტ როთი, "ჰიუმან რაითს უოჩის" აღმასრულებელი დირექტორი.
კენეტ როთი, "ჰიუმან რაითს უოჩის" აღმასრულებელი დირექტორი.

“ჰიუმან რაითს უოჩი” ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მასხვერპლით დასრულებული სამოქალაქო პროტესტის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართოს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ “გამოძიების შედეგების დამაჯერებლობაში დასარწმუნებლად”, დამოუკიდებელი გამოძიებაა საჭირო. ამ განცხადებამდე, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როთმა, საკითხი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუხტარ თილეუბერდთან განიხილა.

“ყაზახეთმა განაცხადა, რომ იანვრის მოვლენების შესასწავლად გამოძიება დაიწყო. მაგრამ, მთავრობას აქვს ხანგრძლივი ისტორია, როცა მსგავსი ძალისხმევები არ მიმდინარეობს პასუხისმგებლიანად და სამართლიანად. ჰიბრიდული გამოძიება, რომელშიც ეროვნულ გამომძიებლებს საერთაშორისო ექსპერტები შეუერთდებიან, გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობას იმისთვის, რომ საგამოძიებო ძალისხმევა უფრო წარმატებული იყოს” - ამბობს კენეტ როთი.

ყაზახეთუს ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესო გამოსვლების დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 227 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 19 სამართალდამცავი.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არეულობის დროს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, შესაძლოა ბევრად მეტი იყოს, მათ შორის, მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად ის პირებიც, ვისაც საპროტესო აქციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა რამდენიმე ექსპერტი, შეერთებული შტატები და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა წარმომადგენელი, იანვრის ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.

ყაზახეთში, საპრტესტო გამოსვლები თავდაპირველად ბუნებრივი გაზის ფასის სწრაფი ზრდის გამო დაიწყო, თუმცა, მალევე ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

საპროტესტო ტალღის ჩახშობის მიზნით, ქვეყნის პრეზიდენტმა სამართალდამცავებს დემონსტრანტების ადგილზე მოკვლის ბრძანება მისცა. უსაფრთხოების სამსახურებს გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ. ამასთან, ყასიმ ჟომართ თოყაევმა, დახმარება რუს კოლეგასაც სთხოვა. რუსეთმა და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" რამდენიმე წევრმა ყაზახეთში ჯარები გაგზავნა. ორგანიზაცია ევრაზიული მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსია.

XS
SM
MD
LG