ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსი მედესანტეები ყაზახეთში ჩავიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ გაავრცელა. მალე ყაზახეთში ბელარუსელ სამხედროებსაც ელოდებიან.
„ორგანიზაციის ყველა სახელმწიფომ გამოთქვა დახმარების სურვილი და ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ. რუსული მოწინავე ჯგუფი უკვე იმყოფება ადგილზე და დაიწყო დაკისრებული ამოცანების შესრულება,“- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის ყაზახეთის პრეზიდენტმა 5 იანვარს გვიან ღამით მიმართა. ორგანიზაციაში რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი არიან გაერთიანებულნი.
მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის ქალაქებში შეტაკებები მიმდინარეობს. პრეზიდენტ ყასიმ თოყაევის გადაწყვეტილებით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქუჩაში სამხედროები გამოიყვანეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საპოლიციო ძალები ამბობენ, რომ ათობით ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინეს.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 4 დღის წინ დაიწყო, მოქალაქეები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, აქციებმა ფართო სახე მიიღო და აქციის მონაწილეებმა იერიში სამთავრობო შენობებზე მიიტანეს. აქციები გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მთავრობა გადადგა.
Facebook Forum